თბილისის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავი ორ საათში უკან დაბრუნდა. ამის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. “აირზენას” კუთვნილი თვითმფრინავი ვენის მიმართულებით მიფრინავდა, რა დროსაც მას ბორბლები არ აეკეცა, შესაბამისად სიმაღლის განვითარება ვერ შეძლო.
თვითმფრინავმა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში თბილისის თავზე იფრინა, რის შემდეგაც, დაცლილი ბაკით ისევ აეროპორტში დაბრუნდა.
“შასი არ დაიხურა. ტექნიკური გაუმართავობაა. აფრინდა და შასი ანუ ბორბალი არ შევიდა შიგნით, შესბამისად პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება დაეხარჯა 6 ტონა საწვავი და დამჯდარიყო აეროპორტში, რათა გამოეძახებინათ სპეც სამსახურები, რომ დაედგინათ შასი რატომ არ დაიხურა”,- განაცხადა “საქართველოს ავიახაზების” დირექტორმა რომან ბოკერიამ.
ამ დროისთვის მგზავრების ევაკუაცია აეროპორტის შენობაში განხორციელდა. ისინი ვენის მიმართულებით დღესვე გაფრინდებიან.