სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი ლელა ლაჩაშვილი აქვეყნებს პოსტს სანატორია 2020 – ის თემასთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე EMIGRANTEBI.ORG -ი გთავაზობთ, აღნიშნულ პოსტს უცვლელად:

📌მოგესალმებით მეგობრებო და მინდა ერთ საკითხზე ვისაუბრო თქვენთან, რომელიც როგორც ჩანს უკვე მასიურ სახეს იღებს ემიგრანტების ყოველდღიურ ცხოვრებაში. სანატორია 2020 რომელმაც ასე გაგვახარა ერთი წლის წინ, გადაულახავ ბარიერად გვეექცა ემიგრანტებს. არ მოვყვები იმაზე მსჯელობას, რომ გართულებულმა ეპიდემიამ უამრავი მიზეზით ხელი შეუშალა საბუთების დროულ და თანამიმდევრულ დასრულებას, კიდევ ის რომ იტალიაში ბიუროკრატია აუღებელი ციხესიმაგრეა ზოგადად. დღეს მინდა კიდევ ერთ პრობლემაზე ვისაუბრო და ვიცი ბევრის გულისწყრომას გამოიწვევს ეს თემა და ბევრს კიდევ სალბუნად დაედება. ვიცით რომ თავის დროზე ემიგრანტებმა საბუთების გადასაგზავნად მიმართეს, “კაფი” “პატრონატოებს” სადაც იტალიელ ადვოკატებთან ერთად (ან შემდგომი თანამშრომლობით) პასუხისმგებლები უნდა ყოფილიყვნენ ამა თუ იმ ემიგრანტის საბუთებზე ვიდრე პერმესოს არ დაიჭერდნენ ხელში .

რათქმაუნდა ემიგრანტებმა ამ მომსახურეობაში გადაიხადეს თანხა და დღეს მე იმაზე არ ვისაუბრებ რამდენი გადაიხადეს და რამდენად ლოიალურები იყვნენ თანამემამულეებთან მიმართებაში, ემიგრანტების უფლებებზე მომუშავე ოფისები ეს კიდევ სხვა თემაა (თუმცა ესეც სათქმელია) საქმე იმაში გახლავთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ყოველდღე მხვდებიან ატირებული ქალები ქუჩაში ტრანსპორტში, ამა თუ იმ პატრონატოების ოფისების გრძელ რიგებში, ტირიან ქალები და წუწუნებენ იმაზე რომ ამ ვითარებაში, როცა ძლივს ახერხებენ ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებას, სარგებლობენ კვირაში ერთი დასვენების დღით და ზოგი ამითაც არა, მთელი დღე რიგში უწევთ დგომა იმისათვის რომ გადაამოწმონ ოფისებში მათ სახელზე აპუნტამენტო ხომ არაა დანიშნული ან სხვა ინფორმაცია მეილზე შემოსული. თავიდან ვფიქრობდი, რომ რა საჭიროა ასე შეიწუხო თავი ეს ოფისები ხომ ემიგრანტების უფლებებზე მუშაობენ და თუ საჭირო იქნა თავად დაუკავშირდებიან, მითუმეტეს ფული გადახდილი აქვთ და რატომ დატოვებენ უყურადღებოდთქო.

მერე გაირკვა რომ ერთს “აპუნტამენტო” დანიშნული ჰქონდა და ოფისის წარმომადგენელმა ერთი თვის მერე გახსნა იმეილი და ნახა მესიჯი უკვე დაგვიანებით კვესტურიდან თუ პრეფექტურიდან, ისიც ემიგრანტის დაჟინებული მოთხოვნით. აგერ მეორის მისამართი გაიგზავნა შეცდომით ერთხელ კი არა მრავალჯერ და თავისივე შეცდომის გამოსწორებაში კიდევ თავიდან გადაახდევინეს თანხა ქალბატონს. დგანან ეს ისედაც გაჭირვებული ემიგრანტები უაზრო რიგებში და ხშირ შემთხვევაში უკან ბრუნდებიან ისე რომ ინფორმაციის მოპოვებას ვერ ახერხებენ. მიუკეტავენ ცხვირწინ კარებს მიღება დამთავრებულიაო.

მე ამ ხალხისაც მინდა გავიგო, მესმის რომ ზოგი ტყუილად ღელავს და ათას გადაღეჭილ წვრილმანზე გაკითხავთ და დრო არ რჩება საპასუხო მაგრამ. თქვენ თუ ემიგრანტების უფლებებს იცავთ, როგორმე მოაგვარეთ საქმე ისე რომ თავად არ არღვევდეთ მათ უფლებებს. და კიდევ არ მგონია სინდისიერი საქმე იყოს საკუთარი შეცდომის გამოსწორებაში ხელახლა გადაახდევინოთ ფული იმათ ვინც ისედაც ბევრი გაიღეს იმის გამო რომ დამქირავებელს არ სურდა გადაეხადა თავისი გადასახდელი თანხა .

არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს რომ ვერჩი და ვმტრობ, პრობლემა არსებობს და რახან არსებობს ვიღაცამ უნდა ამოიღოს ხმა. იმედს ვიტოვებ მათი მხრიდან იქნება მზაობა გამოასწორონ ის ხარვეზები რაც თრგუნავს და პანიკაში აგდებს ისედაც დაუცველობის, კომპლექსაკიდებულ ემიგრანტს. დაწერეთ კომენტარებში ვისაც გაქვთ ისეთი პრობლემა ამ თემაზე რომელიც მე გამომრჩა. სიკეთე მოგვცეს ღმერთმა.
იტალია ქ. ბარი. გააზიარეთ.
წერს ლელა ლაჩაშვილი