“ხელისუფლების ინიციატივის ფარგლებში, თურქეთიდან იმპოტირებული, შედარებით დაბალფასიანი მედიკამენტები საქართველოში მოქმედ სარეალიზაციო ქსელებში, სავარაუდოდ მარტის ბოლოდან გამოჩნდება. ეს იქნება პირველი პარტიები და არა მასობრივად შემოტანილი წამლები, და პირველი ანალიზის შესაძლებლობაც ამ პერიოდიდან გახდება შესაძლებელი”, – ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი აცხადებს.
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე იმპორტიორები მოლაპარაკებებს აწარმოებენ თურქ პარტნიორებთან, რომლებთანაც შესათანხმებელია უამრავი ნიუანსი.
მისივე განცხადებით, კომპანიები თავად გადაწყვეტენ რა სახეობის, რა რაოდენობის წამლები შეისყიდონ თურქეთიდან და რომელი ბაზარი ჩაანაცვლონ ამ შესაძლებლობით.
„რა ეფექტს მოიტანს ეს ჩვენი ბაზრისთვის, ამის გაგებას, როგორც იანვარში ვთქვი, ჯამში სჭირდება 3-4-თვიანი პერიოდი, სავარაუდო დინამიკა გამოჩნდება ამ პერიოდის გასვლის შემდეგ და გავიგებთ თუ რამდენი მედიკამენტი ჩანაცვლდება, რა სახეობის.
ეს არის კომერციული და ტექნიკური საკითხი იმიტომ რომ ყველა იმპორტიორი თავად გადაწყვეტს რომელ ბაზარს ჩაანაცვლებს თურქეთის ბაზრით.
რა ფასდაკლებებში იქნება, ეს თემაც დროის შემდეგ განხილვის საგანია.
ფასდაკლება შეიძლება 5% იყოს, შეიძლება 10-15%.
თურქეთში სხვა სახის რეგულაციაა ფასზე, იქ სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ, ამიტომ აქ რომელი შემოვა და როგორი ფასით ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია.
ამის ანალიზს შევძლებთ სავარაუდოდ მარტის ბოლოდან, როცა ფიზიკურად რეალიზაციაში ჩაეშვება მედიკამენტების ნაწილი,”- აღნიშნა ილონა კოკიაშვილმა ჯანდაცვის პორტალთან.