სოციალურ ქსელში არსებულ გვერზე – „დამიცავი პატარა ვარ“ გამოქვეყნდა პოსტი, სადაც საუბარია ძალადობის შესახებ. აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.

გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად, თავის ისტორიას ერთ-ერთი მომხმარებელი ჰყვება, რომელიც ოჯახის ახლობელმა 4 წლის ასაკში გააუპატიურა.

„გადავხედე პოსტებს და რატომღაც მომინდა ცხოვრებაში პირველად გამემხილა ჩემი ისტორიები…

დიახ ისტორიები… მაშინ ბავშვი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რომ თურმე მთელი ცხოვრება ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ.

ახლა უკვე თექვსმეტი წლის ვარ, დავფიქრდი და მივხვდი, რომ 4-დან 13 წლამდე არაერთხელ ვყოფილვარ ძალადობის მსხვერპლი, თან ყოველთვის სხვადასხვა პიროვნებებისგან.

პირველად ალბათ 4 წლის ვიქნებოდი, როცა ჩემზე იძალადეს. ჩვენს ოჯახში სტუმარი მუდამ იყო, მათ ყოველთვის დიდი სიხარულით ვხვდებოდი. ერთხელ, სტუმრად ჩვენი შორეული ნათესავები ჩამოვიდნენ მათ თან 16 წლის ბიჭი ახლდათ. როგორც გამაცნეს, „ძმად” მეკუთვნოდა. ყოველთვის მინდოდა დედმამიშვილი მყოლოდა და დიდი სიხარულით შევხვდი მას. ბოლოს გაირკვა, რომ ერთი კვირით რჩებოდნენ ჩვენთან. მაშინ საერთოდ სიხარულით გადავირიე. დამიმეგობრდა, ბევრს მესაუბრებოდა, ხშირად მეხუტებოდა ხოლმე. მეც მომწონდა ჩახუტებები (ყოველთვის თბილი და მოსიყვარულე ვიყავი).

სამი დღის შემდეგ, ჩახუტებასთან ერთად უკანალზეც დამიწყო ხელების ფათური. უბრალოდ მოვიშორე და თამაში გავაგრძელე, ყურადღება არ მიმიქცევია. შემდეგ ისე მოხდა, რომ ყველა წავიდა სახლიდან და მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით. ცოტა ხანს მეთამაშებოდა, შემდეგ მითხრა: „გინდა დიდების თამაში ვითამაშოთ?”.

დამაინტერესა, რა იყო დიდების თამაში – ამიტომ დავთანხმდი. მან მითხრა, რომ თავდაპირველად ორივეს უნდა გაგვეხადა. რამდენიმე წუთში ორივე შიშვლები ვიდექით. მომიახლოვდა და ხელების ფათური და კოცნა დამიწყო. ალბათ მიხვდით, ამას რაც მოჰყვა შემდეგ…

მაშინ ვერაფერს მივხვდი – წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა. ამიტომ, ჩვეულებრივად გავაგრძელეთ ურთიერთობა… ახლა კი მეზიზღება საკუთარი თავი… ჩემი ნებით დავთანხმდი, ვიღაც ბინძური ხელებით შემხებოდა….

მას შემდეგ ერთი წელიც არ იქნებოდა გასული, რომ მეგობრისგან წამოვიდა უცნაური საქციელები… ვინაიდან ისეთ უბანში ვცხოვრობდი, სადაც მხოლოდ ბიჭები იყვნენ, მეც მუდამ მათი „კამპანიის” წევრი ვიყავი… ის ჩემზე 4 წლით უფროსი იყო… მეგონა, ჩემზე მეტი იცოდა, ამიტომ ყველაფერს ვუჯერებდი… დამალობანას თამაშისას ყოველთვის მასთან ერთად მივყავდი.

ერთხელ, შუა თამაშისას მითხრა, თუ ხელს ჩაგიყოფ, ვერ გვიპოვიან მალეო… მე ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, მაგრამ როცა ხელი საცვლის შიგნით ჩამიცურა და სასქესო ორგანოზე შემეხო, შევშინდი და გაქცევა დავაპირე, მაგრამ გამაჩერა და მითხრა, „ნუ გეშინია, ასე ვერ გვიპოვიანო”. მეც გავჩერდი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მაკანკალებდა საზიზღარი შეგრძნებისგან.

ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო – წლების მანძილზე გრძელდებოდა, სანამ ჩემი მშობლები არ განქორწინდნენ და იმ ადგილის დატოვება არ მოგვიწია. აქ უკვე მესამე ისტორია იწყება.

მშობლების განქორწინების შემდეგ ბებიაჩემთან გადავედით საცხოვრებლად მე და დედა. მთელი სამეზობლო ჩვენი ნათესავები არიან – ზოგი მამიდაა, ზოგი დეიდა, ბიძა, ნათლია (მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებულები არიან და ნათესავები ერთ ნაწილში შეკრიბეს). მოკლედ რომ ვთქვათ, მშობლების განქორწინება რთულად გადავიტანე.

მარტო როცა ვიყავი, ხანდახან ვტიროდი, მაგრამ ოჯახის წინ სულ ვიცინოდი და არაფერს ვიმჩნევდი – არ მინდოდა დედას ენერვიულა, მაგრამ მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც ცოტა დამეხმარებოდა. ამიტომ ჩემს ნათესავს დავუახლოვდი, 10 წლით უფროსი იყო ჩემზე, მისი გაზრდილი ვარ, ფაქტობრივად. ყოველთვის დავდიოდი ბებოსთან სტუმრად და მისი ოჯახი სიგიჟემდე მიყვარდა. ამიტომ სულ იქ ვიყავი, მასთან დამეგობრების შემდეგ უფრო დავახლოვდი (ისედაც ახლოს ვიყავით). ღამეც მივდიოდი და ველაპარაკებოდი (ოჯახზე არა, უბრალო თემებზე). დამშვიდობებას ლოყაზე მკოცნიდა და მიხუტებდა.

ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ ხანდახან უკანალზე მჩქმეტდა და ტუჩებში მკოცნიდა. ვფიქრობდი, რომ შემთხვევით მოსდიოდა (თავს ვაჯერებდი). ეს ყველაფერი 13 წლამდე გაგრძელდა, სანამ საბოლოოდ ღამე არ მომაკითხა, როცა მარტო ვიყავი, ცოტა ხანს მელაპარაკა და წასვლისას, როცა უკვე მთავარ შესასვლელს გასცდა, უკანა ეზოში სახე დამიჭირა და მაკოცა…

ვერაფერი ვქენი, გაშეშებული ვიდექი. მას შემდეგაც, რაც წავიდა, ვერაფერი გავაკეთე – ვიდექი და უბრალოდ უსასრულობას ვუყურებდი. შემზიზღდა ისიც და საკუთარი თავიც, ოჯახის მრცხვენოდა, თვალებში ვერავის ვუყურებდი…

იმ ღამეს გადავხედე ჩემს ცხოვრებას და ყველაფერი გავიაზრე, მე ბინძური ვიყავი, მთელი ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ იძალადეს, მე კი არაფერი გავაკეთე, საზიზღარი არსება ვიყავი და საკუთარი თავი მძულდა… დეპრესიაც მქონდა, მაგრამ ვერავინ ვერაფერს მიხვდა, რადგან მე არ მინდოდა, გაეგოთ. ყველაფერს ვმალავდი, ნიღაბს ვატარებდი და დღემდე ვატარებ…

შემდეგ ისე მოხდა, რომ გრძნობები დავკარგე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დღემდე ასე ვარ, ვერ ვგრძნობ სიხარულს, ბედნიერებას, სიყვარულს, სევდას, ვერც ვტირი, ვერც ვიცინი, ოჯახს სიყვარულით ვერ ვუყურებ, ბევრი რამ უნდა მწყინდეს, ბევრჯერ უნდა მეტირა, ცრემლი გამშრალი მაქვს, ახლახან უახლოესი მეგობარი გარდამეცვალა, ყველა ცრემლად იღვრებოდა, მე კი ტკივილიც ვერ ვიგრძენი, ერთადერთი, რაც თავს ადამიანად მაგრძნობინებს ეს ფიზიკური ტკივილია.

გთხოვთ, ეს არ გააკეთოთ… ნუ გახდებით ჩემნაირი უგრძნობი თოჯინა… ნუ დაინგრევთ ცხოვრებას… მოჰყევით, ყველაფერი მოჰყევით, თუ ტირილი გინდათ, იტირეთ, იკივლეთ, დალეწეთ ყველაფერი, ნუ შეინახავთ თქვენ შიგნით გრძნობებს, თუ გტკივათ, აჩვენეთ თქვენი იარები სხვებს, ნუ დაუმალავთ, ასე ვერ დაგეხმარებიან, იყავით ეგოისტები და აჩვენეთ ყველას თქვენი ტკივილი…

არ იფიქროთ, რომ მათ ეწყინებათ ან ეტკინებათ, დაიმახსოვრეთ! ოთახში ათი ადამიანია, იქიდან კი მხოლოდ ერთია, ვისაც აინტერესებთ დანარჩენ ცხრას კიდიხარ! და იცი ვინ არის ის ერთი ადამიანი? – შენ! შენ გარდა სხვას არავის აინტერესებ! საკუთარ თავს მოუფრთხილდით და იყავით ძლიერები, ნუ იქნებით ჩემსავით სუსტები და ნუ გაინადგურებთ თავს!“.