ესპანეთში მოღვაწე ქართველი სოპრანო ლალი ჭილაია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
“12 ნოემბერს გავრცელდა სამწუხარო ცნობა გამორჩეული ქართველი ემიგრანტის, ლალი ჭილაიას გარდაცვალების შესახებ. იგი იყო მადრიდში მოღვაწე ქართველი მეცო სოპრანო და ასოციაციის “დიასპორა”-ს პრეზიდენტი. ქალბატონი ლალი ასევე ეწეოდა თარჯიმნობით საქმიანობას, სოხუმელი ემიგრანტი აფხაზეთიდან, რომელიც კარგად იყო ინტეგრირებული ესპანურ საზოგადოებაში და კულტურაში, ასევე ეწეოდა ქართული კულტურის წარმოჩენას და პოპულარიზაციას ესპანეთის სამეფოში.
ჯერ კიდევ 19 წლის წინ, როდესაც პირველად გამოჩნდა ოპერაში, მისი ხმა უმალ შეფასდა როგორც მეცო სოპრანო, რაც დიდ იშვიათობას წარმოადგენს ესპანეთში. დაუზუსტებელი ინფორმაციით, რომელიც სოპრანოს მეგობარმა მოგვაწოდა, ქალბატონ ლალის, ჩატარებული ოპერაციის შემდგომ, განუვითარდა თრომბი, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია მისი გარდაცვალება.
ლალი ჭილაია იყო ენერგიული, სიცოცხლით სავსე ქართველი, გამორჩეული იუმორის გრძნობით. ადამიანი, რომელმაც უამრავი ქართველი ფეხზე დააყენა და გაჭირვებაში ხელი გაუწოდა. ბოლო ოფიციალური შეხვედრიდან, სადაც ქართული დიასპორა და ქართველი დიპლომატები ერთმანეთს შეხვდნენ, “ქართული სახლის” პრეზიდენტი დიანა ციხისთავი იხსენებს მის ხუმრობანარევ ბოლო სიტყვებს:
“ჩემს სამშობლოში როდის დამაბრუნებთ?!”.
სამწუხაროდ, ეს ნატვრა -ნატვრად დარჩა”, – წერს ნათია ბურდული.