ადვოკატმა, თემურ გოგსაძემ სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც 18 წლის უნახავი დედა-შვილის შეხვედრაა ასახული.
როგორც ირკვევა, კაცი, რომელიც კადრში ჩანს, მალხაზ წაქაძეა. ის წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდა.
მეტი დეტალის გასაგებად, „პრაიმთაიმი“ ადვოკატ თემურ გოგსაძეს ესაუბრა, რომელმაც დედას 18 წლის უნახავ შვილთან შეხვედრის ოცნება აუხდინა.
რა მოხდა 2004 წელს
„საკითხი, საქართველოში, 2004 წლის ვითარებას ეხება, როდესაც „ერგნეთის ბაზრობა“ იყო. გიორგი ტაბატაძემ, რომელიც ამავე საქმეში მანამდე გაასამართლეს, ერგნეთში ნაყიდი პროდუქტი წამოიღო. შემდეგ, დააკავა პოლიციამ და უთხრეს, რომ აღურიცხველი საქონელი ჰქონდა. „კამაზი“ დალუქეს და გადაიყვანეს ქუთაისში, სპეციალურ ზონაში. მერე, ეს მანქანა გაფუჭდა. გამოძიება ამბობს, რომ შეგნებულად გააფუჭეს. იმისთვის, რომ ეს პროდუქცია წაეღოთ და მიეთვისებინათო. გიორგი ტაბატაძემ დაურეკა ჩემს დაცვის ქვეში მყოფს – მალხაზ წაქაძეს, რომელთანაც მეგობრობდა. სთხოვა, რომ მასთან მანქანის შესაკეთებლად მისულიყო. მოკლედ, შემდეგ პროდუქცია გაქრა. ამის გამო, ამათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამ დროს მალხაზ წაქაძეს საქართველო უკვე დატოვებული ჰქონდა, რადგან მასზე ზეწოლას ახდენდნენ. გამოძიება მათ მიმართ, დაუსწრებლად გაგრძელდა. 2007 წელს თერჯოლის რაიონის სასამართლომ 353-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, 6-6 წელი მიუსაჯეს. ბუნებრივია, გამოაცხადეს ძებნა.
შემდეგ, უკვე 2013 წელს გიორგი ტაბატაძე გამოცხადდა და მის მიმართ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. შემდეგ ამნისტირებული იქნა ეს მუხლი და სამი წელი დარჩა. წაქაძე 18 წელია, საქართველოში არ იმყოფებოდა. მას შემდეგ წასულია. ჯოჯოხეთი გაიარა უპასპორტოდ, სხვა ქვეყანაში. ათასი პრობლემის წინაშე იდგა. 2019 წლის ბოლოს, ქართული სამართლის ისტორიაში პირველად, შევძელით, რომ იურიდიული კომპანია დაგვეფუძნებინა ბარსელონაში. ამის შემდეგ, ურთიერთობაში შემოვიდა ეს ადამიანი. თქვა, რომ გამოცხადდებოდა. დავიწყე ამ ყველაფრის ორგანიზება.
18 წლის შემდეგ სამშობლოში
საქართველოში 6 თებერვალს ჩამოვიყვანე. კოვიდის გამო გაიწელა სასამართლო პროცესები და 21-ში გამოუშვეს. ასე დავუბრუნეთ დედას შვილი, 18 წლის შემდეგ. სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში არყოფნის დროს, ახალგაზრდა ძმა დაეღუპა. მეხვეწებოდა დედა, როგორმე ცოცხალი ჩამომიყვანე, მის ნახვას მოვესწროო. მიხარია, რომ ეს შევძელით. კარგია, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები კოორდინირებულად მუშაობს. ეს მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელოვანია. რაც კარგია, უნდა დავინახოთ. რაც ცუდი – ვაკრიტიკოთ. ამ შემთხვევაში კოორდინაცია მისაღები იყო. საბოლოოდ, ადამიანი თავისუფალია.
საკმაოდ რთულად ცხოვრობდა, მშენებლობაზე მუშაობდა. ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ მუშაობა. არაადამიანურ პირობებში უხდებათ შრომა.
ეს ყველაფერი მიეძღვნა ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს. ევროპის ასოციაციის პრეზიდენტს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს, დავით ასათიანს შევპირდი, რომ ევროპაში კომპანიის დაფუძნებას შევძლებდი. მაშინ ეს წარმოუდგენელიც იყო, მაგრამ ჩემი მეგობარი პარტნიორების დახმარებით გამოგვივიდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვაპირებთ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას,“ – უთხრა „პრაიმთაიმს“ თემურ გოგსაძემ.