„ემიგრანტობა ხომ იძულებითი, მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის გამოსავალია. ემიგრანტები მართლაც რომ იძულებით გადაადგილებული პირები არიან. ოჯახს და საყვარელ ადამიანებს მოწყვეტილი ქალები“ – ამ შინაარსის წერილს ემიგრანტი ელგა ცუხიშვილი, ემიგრანტთა ჯგუფში ავრცელებს და იმ მძიმე რეალობის შესახებ წერს, რომელიც მის თავს ხდება. წერს დაიჟესტი
„დედებს მოგლეჯილი შვილები, შვილებს მოგლეჯილი დედები, ქმრებს მოწყვეტილი მეუღლეები და საახლობლო სამეგობროს დაშორებული თვალცრემლიანი ადამიანები. ბევრი ფიქრის მერე, ანდაც ნაუცბადევად გადაწყვეტილება მიღებული ქალები გაიხურავენ სახლის კარებს და იქ რჩება გული, მკერდიდან ამოგლეჯილი გული, მხოლოდ უგულო და უსულო სხეული მიდის ქვეყნის გარეთ. ზოგი სად და ზოგი სად.
მოედო ქვეყნის ყველა კუთხეს, ოჯახს დანატრებული ქალები. ერთს მეორე მიემატა, მეორეს მესამე და სოკოებივით იმატა ემიგრანტთა არმიამ. უცხო ქვეყანა, უცხო ენა, უცხო ადამიანები, უცხო ადათ-წესები, უცხო სამზარეულო და უცხო რელიგიაც კი. ითვისებ ცოტ-ცოტას ყველაფერს. ეგუები უცხო გარემოს, უცხო ადამიანებს. მხოლოდ რელიგია რჩება წმინდა და ხელშეუხებელი.
ღამე, უძილო გრძელი ტანჯვის ღამე. ცრემლით დასველებული ბალიში და ლოცვაში დათენებული ალიონი. ათასჯერ ჩალაგებული გაქვს ჩემოდანი და იღებ ბოლო გადაწყვეტილებას, „წავალ ამ ჯოჯოხეთიდან და დამთავრდება ეს ტანჯვაც”. ისევ ამოლაგებული ჩემოდანი, „რომ წავიდე, მერე ოჯახს რა ეშველება”… და ისევ მეორდება ტანჯვის დღეები თუ ღამეები. მხოლოდ თვის ბოლო გამშვიდებს. აღებულ ხელფასს ანაწილებ და მეორე თვის ბოლომდე ისევ ჯიბეცარიელი ხარ. არც ამაზე არ დარდობ, მთავარია შვილები გყავდეს კარგად.
ამ დროს საქართველოში ყველას ჰგონია, „უჰ უშველე თავს და გაიქეცი”, – „შენ რა გიჭირს, დოლარებს კი იღებ”, გაუტკბა ევროპა და აღარც აპირებს ალბათ დაბრუნებას”, „მგონი საყვარელიც გაუჩენია და რაღაზე ჩამოვა ოჯახში”…
გორავს და გორავს ჭორი. იგება და იგება ცილისწამების კოშკები, იხლართება და იხლართება ცრუ ინფორმაციები, ინგრევა წლობით ნალოლიავები ოჯახები. ეჭვით უყურებს საახლობლო. მგონი შვილებსაც გაუჩნდათ დედის სიწმინდეში ბზარი. ხდება გაუცხოება და მხოლოდ მოკითხვით მთავრდება სატელეფონო საუბრები.
ნანობ ოჯახიდან დაშორებას. ნანობ… ნანობ… ბევრ რამეს ნანობ.. და გამოსავალი მხოლოდ ერთია, დაბრუნდე!!! გთხოვთ დააფასეთ ემიგრანტი დედები ვერასდროს ვერ გაიგებთ მათ რისი ატანა უწევთ! ვერასდროს!“ – წერს ელგა ცუხიშვილი.