ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი და უკრაინელი ემიგრანტების ორგანიზებით, თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქცია გაიმართა.

მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს მოსკოვის სამხედრო აგრესიის ფონზე და პრეზიდენტ ბაიდენს კიევისთვის მეტი სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური დახმარება სთხოვეს.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აუცილებელია, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები იქამდე დაწესდეს, სანამ რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთ სამხედრო ინტერვენციას განახორციელებს.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ რუსეთის ჩახსნა “სვიფტის” გლობალური საგადამხდელო სისტემიდან იქნება ეფექტური და შედეგის მომტანი ერთ-ერთი ზომა, რომელიც დასავლეთს შეუძლია, რომ გამოიყენოს.

აქციას ამერიკის სხვადასხვა შტატებიდან შეუერთდნენ ქართველი ემიგრანტებიც, რომელთა მთავარი მოთხოვნა უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ნატო-ში დაუყოვნებლივ მიღება იყო. ამასთან, მათ აქციაზე ბანერები ჰქონდათ მიტანილი, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია.

ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ვთხოვოთ ამერიკელ მეგობრებს მეტი დახმარება და პირველ რიგში, საქართველოს და უკრაინის მიღება ნატოში, სანამ კიდევ უფრო მეტი ესკალაცია მოხდება რეგიონში. უკრაინელ მეგობრებს დღესაც ვუთხარით სიტყვით გამოსვლის დროს, რომ ქართველი ხალხი დგას მათ გვერდში და არ შეაფასონ საქართველო ჩვენი მთავრობის სიჩუმით და უმოქმედობით. მათ იციან, რომ ქართველი ხალხი დგას უკრაინის გვერდით და არის რუსეთის წინააღმდეგ”, – თქვა აქციის თანაორგანიზატორმა, გია ლომიამ.