მარნეულში არასრულწლოვანმა 29 წლის ახალგაზრდა დანით მოკლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილი ძალიან კარგი, მშრომელი ბიჭი იყო.

„დაპირისპირების მიზეზი არ ვიცით. ამბობენ, რომ დანა ზურგიდან დაარტყა. ძალიან კარგი, მშრომელი ბიჭი იყო. კონფლიქტური არ ყოფილა. ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა. სამი თვის შვილი დარჩა. დანით მოკლეს. მკვლელობის მოტივს პოლიციელები დაადგენენ. დაკავებული ჩვენი მეზობელია,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის, პოლიციამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 დაბადებული ა.ი. ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.მ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს