“საქართველო იდეალური აღმოჩნდა. პატარა ადგილი დიდი ისტორიით. ჯერ არ მინახავს სტალინის სახლ მუზეუმი. ამ ეტაპზე თბილისს ვეცნობი. მალე წავალ ყაზბეგში” – ეს გორში მოკლული ბრიტანეთის მოქალაქის უკანასკნელი მინაწერია მისი “ინსტაგრამ” გევრდიდან.
ცნობისთვის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და მისი შეუტყობინებლობისთვის გორში 5 პირი დააკავეს. მათ შორის 3 წარსულში ნასამართლევია.
საქმე ეხება 7 ოქტომბერს მომხდარს, როდესაც ახალგაზრდებმა, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლს სვამდნენ, უცხოელი პირი მოკლეს და გვამი მტკვარში გადააგდეს.
გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, მათ უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1993 წელს დაბადებულ პირი შეუერთდა. ბრალდებულებმა მოგვიანებით, მასთან ერთად გორში მდებარე ერთ-ერთ ბარში გადაინაცვლეს და ალკოჰოლის მიღება განაგრძეს, რა დროსაც ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებსა და უცხოეთის მოქალაქეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, კონფლიქტში მონაწილე პირები გორში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ზ.ფ.-მ გ.ო.-მ გ.ქ.-მ და გ.ბ. -მ ტ.კ. -ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი ტ.კ. დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს. ჩადენილი დანაშაულის შემდგომ ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ტ.კ.-ის ცხედარი მდინარე მტკვარმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.
დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.