ქვეყანაში უახლოესი ორი თვის განმავლობაშუ პურზე ფასების ზრდის წინაპირობა არ არსებობს, განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.

2021 წლის შემოდგომაზე მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის გაძვირებისა და იმპორტირებული პროდუქციის – მზესუმზირის ზეთი, საფუარი, მარილი – ღირებულების ზრდის გამო ნომერ პირველი პროდუქტის თვითღირებულება 15-17 თეთრით გაიზარდა. დღეს ყველაზე მოთხოვნადი სოციალური პური ქვეყანაში 0,9-1,0 ლარი ღირს, მაღაზიებში კი მისი ფასი დაახლოებით 1,2 ლარია.
სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ერთი თვის ხორბლისა და ფქვილის მარაგი არსებობს, შესაბამისად, რამე მყისიერი დარტყმების ალბათობა არ არის.

„ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს მარაგების შევსება ნებისმიერ ფასად, რადგან ქვეყნები ეძებენ ხორბალს და ცდილობენ გადაეწყონ ახალ ლოგისტიკურ ხაზზე. ფასი იქნება მაღალი, მაგრამ ხორბალი აუცილებლად შემოვა, ამის გარანტია არის. ფასებმა თუ მერყეობა დაიწყო, იგივე ხორბლის ფასიდან ან ლარის კურსიდან გამომდინარე, მაშინ ეს უკვე არის სახელმწიფოს პრეროგატივა“, – ამბობს სილაგავა.

როგორც სილაგავამ განაცხადა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მზად არის გარკვეული სუბსიდირების მექანიზმით ჩაერიოს.

„მათ ჩვენთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ამ მერყეობის შემთხვევაში მზად არიან გარკვეული სუბსიდირების მექანიზმით ჩაერიონ, რათა ეს არ იგრძნოს მოსახლეობამ პურის გაძვირებასთან მიმართებით. ჩვენ მარაგები გვაქვს, რაც ძალიან გვიცავს. ეს არის უსაფრთხოების ბალიში“, – განმარტავს სილაგავა.
ამასთან, როგორც ლევან სილაგავამ აღნიშნა, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია უკვე მუშაობს ალტერნატიულ ბაზრებზე, მათ შორის არის ყაზახეთი.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მარცვლეულის მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდის. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here