კახეთში, 12 წლის გოგონას გათხოვებაში, ბებიამ გასამრჯელო აიღო.

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ გოგონა, რომელიც ორი წლის წინ 25 წლის მამაკაცს მიათხოვეს, ბებიასთან იზრდებოდა და მისი გათხოვების სანაცვლოდ, ბებიამ სოლიდური თანხა მოითხოვა.

გოგოს ახლობელი ჰყვება, რომ შუამავლის როლი მამაკაცის ბიძამ შეასრულა.

„ამ გოგოს მამა არ ჰყავს, დედა იმავე სოფელშია გათხოვილი, სადაც ეს ბავშვი გაათხოვეს. პატარა გოგოა, ვერ იტყვი, რომ ტანადია და ასაკი არ ეტყობოდა. ეს ამბავი დედამ გაახმაურა, მაგრამ შვილის გადასარჩენად კი არ იბრძოდა, ბებიამ ფული არ გამინაწილაო, იძახდა. ის გოგო ახლა მგონი თავშესაფარშია და კარგად არისო, ამბობენ“,- ამბობს ახლობელი.

„პრაიმტაიმმა“ ასევე გაარკვია, რომ გოგონა, რომელიც ახლა 14 წლისაა, საოჯახო ტიპის თავშესაფარში იმყოფება და სკოლის პროგრამასაც გადის.

12 წლის გოგონას გათხოვების ფაქტზე, გამოძიება ცოტა ხნის წინ დაიწყო. ბრალდების მხარის შუამდგომლობით, მამაკაცს სასამართლომ გირაო შეუფარდა და ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირს გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7- დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here