იტალიაში ბოლო ერთ კვირაში 4 ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა – ნაპოლში მომხდარ ტრაგედიებზე ასოციაცია „ნინა და საქართველო“-ს პრეზიდენტი საუბრობს, სტატიას აღნიშნული სათაურით პრაიმტაიმი აქვეყნებს
ბოლო ერთ კვირაში იტალიაში ოთხი ქართველი ემიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ემიგრანტების საინფორმაციო პლატფორმა აქვეყნებს. როგორც იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოციალური ხელშეწყობის ასოციაცია „ნინა და საქართველო“-ს პრეზიდენტი, ნინა ლაფაჩიძე ამბობს, ორი ქართველი კორონავირუსმა, ხოლო ორიც გულის ინფარქტმა იმსხვერპლა.
ის იტალიაში მყოფ თანამემამულეებს მიმართავს და განმარტავს, თუ როგორ უნდა ისარგებლონ სამედიცინო სერვისის ხელმისაწვდომობით. ნინა ლაფაჩიძე, კომენტარს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე აკეთებს, რაც დღეს ნაპოლში ხდება.
გარდაცვალების მიზეზად ორ შემთხვევაში კოვიდ19 დასახელდა, ხოლო ორი ქალბატონი ინფარქტით დაიღუპა.
„საქართველოს საკონსულო, ოთხივე შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმირებულია და კანონით გათვალისწინებული რეგულაციების ფარგლებში, ყველა საჭირო ზომები უკვე მიღებულია.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი კონსულს, ქალბატონ ნატალია კორძაიას იმ გულისხმიერებისთვის და ოპერატიულობისთვის, რასაც ის ემიგრანტებისადმი იჩენს.“ – აღნიშნა ნინა ლაფაჩიძემ.
სოციალური ხელშეწყობის ასოციაციის პრეზიდენტი, ნინა ლაფაჩიძე ემიგრანტებს თხოვნით მიმართავს და კიდევ ერთხელ განმარტავს:
„იტალიაში სამუშაო თუ ცხოვრების სურვილის მქონე ყველა პირმა, რომელიც რესპუბლიკაში ყოფნას აპირებს, უნდა გაითვალისწინონ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, – იტალიის რესპუბლიკა, ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, შეზღუდვის გარეშე მიიღოს სამედიცინო მომსახურება.
ამისთვის საჭიროა, პირმა, რომელსაც ქვეყანაში არალეგალურად უწევს ცხოვრება, მიმართოს ადგილობრივ ამბულატორიებს, იგივე „ASL“ და მოითხოვონ ე.წ. STP – იგივე დროებითი სამედიცინო დაზღვევის ბარათი, რისი ფლობის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურება მათთვის ხელმისაწვდომია.
ემიგრანტებო, გთხოვთ გაითვალისწინეთ რჩევები, ისევ და ისევ თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად.“ – განაცხადა ლაფაჩიძემ.
წყარო: exclusivetv.ge