იტალიაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში მაფიოზური დაჯგუფებების წინააღმდეგ უმსხვილეს სასამართლო პროცესზე დანაშაულებრივ დაჯგუფება „ნდრანგეტას“ 70 წევს განაჩენი გამოუტანეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პროცესი ქალაქ ლამეცია-ტერმეში, სპეციალურად აშენებულ კომპლექსში ჩატარდა. მაფიის წევრებს 20 წლამდე თავისუფლებს აღკვეთა მიუსაჯეს. სულ სასამართლო პროცესის ფარგლებში ბრალი 335 ადამიანს წარუდგინეს. მათ შორის არიან „ნდრანგეტას“ სავარაუდო წევრები და მათთან დაკავშირებული პირები – მათ შორის პოლიტიკოსები და პოლიციის თანამშრომლები. ბრალდებებს შორის არის მკვლელობები, მკვლელობების მცდელობები, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ფულის გათეთრება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.

ბრალდებულთა უმეტესობა იტალიის, გერმანიის, შვეიცარიისა და ბულგარეთის პოლიციების მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს, 2019 წელს დააკავეს.

„ნდრანგეტა“ იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაფიოზური დაჯგუფებაა, რომელიც ადამიანებით, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობით არის დაკავებული.