იტალიის ხელისუფლება თვითიზოლაციის რეჟიმს ამსუბუქებს მათთვის, ვინც კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტობდა, თუმცა თავად სრულად ვაქცინირებულია, ან ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ ექსპერტების თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” სწრაფმა გავრცელებამ, შესაძლოა, ქვეყნის პარალიზება მოახდინოს და მილიონობით ადამიანი აიძულოს, სახლში დარჩეს.
თვითიზოლაციაში გადასვლა აღარ მოეთხოვებათ ადამიანებს, ვინც ე.წ. ბუსტერითაა აცრილი ან დაავადება ბოლო 120 დღის განმავლობაში გადაიტანა.
თუმცა ამ პირებმა 10 დღის განმავლობაში დამცავი პირბადე Ffp2 (ან სხვა რეგიონებში KN95 ან N95) უნდა ატარონ.
ამასთან, არავაქცინირებულებისთვის ქვეყნის მთავრობამ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა.
იანვრიდან დაწესებულებები, მათ შორის რესტორნები ღია ცის ქვეშ, სასტუმროები და საბაგიროები ღია იქნება მხოლოდ ვაქცინირებული და დაავადებისგან ახლახან გამოჯანმრთელებული პირებისთვის.
იგივე წესები იმოქმედებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც.