იტალიის მთავრობამ დააანონსა 10 იანვრიდან 31 მარტამდე შეზღუდვების მასშტაბური გამკაცრება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც კორონავირუსზე აცრილები არ არიან და დაავადება არ გადაუტანიათ. ინფორმაციას Corriere della Sera ავრცელებს.
ამ დღიდან უმეტეს დაწესებულებებში შესვლა მხოლოდ მათთვის იქნება შესაძლებელი, ვინც აცრების სრული კურსი ჩაიტარა ან ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა ეს მოთხოვნა სასტუმროში განთავსებას, მეტროში შესვლას, მატარებლებსა და ფრენებს, საბაგიროს ეხება.
ამასთან, იანვრის ბოლომდე აკრძალულია ნებისმიერი წვეულება და კონცერტი, განურჩევლად ღონისძიების ფორმატისა. მიუხედავად იმისა, რომ კერძო შეკრებებს არავინ ამოწმებს, რეკომენდებულია ხალხმრავალი შეხვედრების თავიდან აცილება.
ტრანსპორტში და საჯარო დაწესებულებებში ასევე სავალდებულო ხდება არა ნებისმიერი პირბადის, არამედ FFP2 რესპირატორის გამოყენება.რესტორნებისა და ბარების გარდა სხვა დაწესებულებებში საკვები და სასმელი აკრძალულია.
ამავდროულად, დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტის შემთხვევაში თვითიზოლაციის მოთხოვნები გარკვეულწილად შემსუბუქდა: ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი, სულ მცირე, 4 თვის მანძილზე გადაიტანეს, არ ვაქცინის მეორე დოზა მიიღეს, თვითიზოლაციაში აღარ გადავლენ, თუმცა ვალდებულები იქნებიან, პირბადე ატარონ. არავაქცინირებული პირები თვითიზოლაციაში 10 დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ.