ევროკავშირმა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის სანქციების რეჟიმი ერთი წლით – 2022 წლის 8 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები ყველა ფიგურანტის წინააღმდეგ გაგრძელდება, გარდა ერთი გარდაცვლილი პირისა.
“ამგვარად, სანქციები 14 ფიზიკურ პირსა და ოთხ ორგანიზაციას მოიცავს“, – ნათქვამია კავშირის განცხადებაში.
2020 წლის 8 დეკემბერს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ევროკავშირის გლობალური სანქციების რეჟიმი ამოქმედდა. რეჟიმის შემუშავების ინიციატორი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი იყო.
2 მარტს ევროკავშირმა ამ ახალი რეჟიმის მიხედვით პირველად დაუწესა სანქციები რუსეთის ოთხ მოქალაქეს. მარტის ბოლოს სია გაფართოვდა: მას დაემატა 11 პიროვნება და ოთხი ორგანიზაცია, მათ შორის ჩინეთიდან, რუსეთიდან, ლიბიიდან, სამხრეთ სუდანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. ამრიგად, ორშაბათამდე ამ რეჟიმის სიაში 15 პირი და ოთხი ორგანიზაცია იყო.
ახალი სანქციების რეჟიმი ითვალისწინებს შემაკავებელ ზომებს ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების, მათ შორის სინდისის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევისთვის, აგრეთვე გენოციდის, წამების, ადამიანებით ვაჭრობისა და სექსუალური ძალადობისთვის. ის ევროკავშირში არსებული აქტივებისა და ეკონომიკური რესურსების გაყინვას მოიცავს, რომლებიც ეკუთვნით პირებს და ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე.