30 ნოემბერს, კოვიდპასპორტის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე ჯანდაცვის სამინისტრომ გვაცნობა, რომ მწვანე პასპორტებისთვის ორი აპლიკაცია გვექნება — Georgia e-Health და CovidPass Georgia. პირველზე ჩვენი მკითხველი უკვე ინფორმირებულია, როგორც გადმოწერის და დაყენების სირთულეებზე, ასევე, მისი საშუალებით ევროკავშირის აღიარებული მწვანე პასპორტის აღებაზე. მეორე კი ჩვენთვისაც სიახლეა.
აქვე აღსანიშნია, რომ ორი სხვადასხვა საშვის შესახებ მას შემდეგ მიდის საუბარი, რაც საკოორდინაციო საბჭომ მწვანე პასპორტების ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. კითხვაზე, რატომ გვჭირდება ორი, როცა ასეთი პრაქტიკა სხვაგან არ არის, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, განაცხადა, რომ “საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ”. მოგვიანებით კი მისივე მოადგილემ განგვიმარტა, რომ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, ერთსა და იმავე კოვიდპასპორტს ყოველთვის თანაბარი წარმატებით ვერ გამოვიყენებთ.
თუ ჯერ კიდევ არ იცით ზუსტად, დაწესებულებებში შესვლისას რა უნდა წარადგინოთ და რომელი აპლიკაცია რაში უნდა გამოიყენოთ, ამ სტატიაში პასუხებს ნახავთ.
CovidPass Georgia — რაში გვჭირდება ეს აპლიკაცია?
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს. მათივე თქმით, ამ აპლიკაციის გამოყენება საჭირო და შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით. ანუ, თუ რესტორანში, კინოში ან მწვანე საშვის მქონე ნებისმიერ დაწესებულებაში შესვლა გსურთ, ეს აპლიკაცია გჭირდებათ.
იმისთვის, რომ Covidpass Georgia გადმოიწეროთ, დააკლიკეთ შესაბამის ბმულს: App store-დან, Google Play-დან.
აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ უნდა გაეცნოთ და დაეთანხმოთ წესებსა და პირობებს და დაიწყოთ რეგისტრაცია. ამისთვის თქვენი პირადი ნომერი, დაბადების წელი და ტელეფონის ნომერია საჭირო. როცა SMS კოდს შეიყვანთ და დაადასტურებთ, აპლიკაცია ახალ გვერდზე გადაგიყვანთ, სადაც თქვენი QR კოდი და წარწერა “კოვიდ საშვის სტატუსი” გამოჩნდება. წარწერაზე დაკლიკვისას კი ისევ ახალ გვერდზე გადახვალთ, სადაც თქვენი ფოტო და მწვანე სტატუსის შესახებ ინფორმაცია დაგხვდებათ.
მას შემდეგ, რაც რეგისტრაციას დაასრულებთ და აპლიკაციას ხელახლა გახსნით, მხოლოდ თქვენს პირად ნომერს ნახავთ, რომელზე დაკლიკვის შემდეგაც QR კოდი გამოჩნდება.
თუ თქვენი რეგისტრაცია წარმატებული არ აღმოჩნდება, დაგხვდებათ ტექსტი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ მწვანე სტატუსი არ გაქვთ, ან იმაზე, რომ აპლიკაციას ხარვეზი აქვს, ჭედავს და თქვენი სტატუსი შესაბამის უწყებაში უნდა გადაამოწმოთ.
როგორ უნდა მოვიქცე თუ უცხო ქვეყნიდან შემოვდივარ და ამ პასპორტის აღება მინდა?
“საზღვარგარეთ ვაქცინირებული პირი (უცხოელი ვიზიტორი ან საქართველოს მოქალაქე), საზღვარზე შემოსვლისას წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს.
საზღვრის კვეთის შემდეგ, პირს შეეძლება მარტივად დარეგისტრირდეს CovidPass Georgia აპლიკაციაში და ის შეუფერხებლად შეძლებს შესაბამის სივრცეებში შესვლას და ღონისძიებებზე დასწრებას”, — აცხადებენ უწყებაში.
დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხზე Provax.ge-ზე არის გამოქვეყნებული. აქ ვკითხულობთ, რომ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ან ტესტი ჩატარებული აქვთ ევროკავშირის (EU Digital COVID Certificate) სისტემაში არაინტეგრირებულ ქვეყნებში, მწვანე სტატუსის მიღება მხოლოდ საზღვრის კვეთის შემდეგ შეუძლიათ. რეგისტრაციისას დაგჭირდებათ უცხოეთში მიღებული ტესტირების ან ვაქცინაციის დოკუმენტი.
მნიშვნელობა არ აქვს, როდის გადმოკვეთეთ საზღვარი, შემოსვლისთანავე უნდა გადმოწეროთ CovidPass Georgia ან დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge. აქ რეგისტრაციისთვის საჭირო ვალიდაციის კოდი შეგიძლიათ მიიღოთ ქართულ მობილურის ნომერზე. თუ ნომერი არ გაქვთ, ელექტრონულ ფოსტაზე.
გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომელთაც ვაქცინაცია საქართველოში აქვთ ჩატარებული, აპლიკაციებზე (Georgia e-Health; CovidPass Georgia) ან covidpass.moh.gov.ge საიტზე რეგისტრაციის დროს, აუცილებლად უნდა გამოიყენონ ის დოკუმენტი, რომელიც ვაქცინაციისას მისცეს.
როგორ მოვახდინოთ მწვანე პასპორტის ვალიდაცია ანუ გავააქტიუროთ ჩვენი კოდები?
ამისთვის ორი გზა არსებობს. CovidPass Georgia-ს აპლიკაციას აქვს QR წამკითხველი, რომელიც თქვენი დოკუმენტის კოდს წაიკითხავს და ახალ სტატუსს მოგცემთ. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ covidpass.moh.gov.ge-ს QR წამკითხველითაც.
CovidPass-ის აპლიკაციის წამკითხველის გამოყენებისვის საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა დამატებითი მონაცემების შეყვანა არ დაგჭირდებათ.
რა ინფორმაციას იღებს ვალიდატორი QR კოდის წაკითხვისას?
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მხოლოდ პიროვნების ფოტოსურათს (თუ ის საქართველოს მოქალაქეა) და სახელისა და გვარის ინიციალებს. ასევე აქ წერია, აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება მწვანე სტატუსს და რა ვადით აქვს მინიჭებული ეს სტატუსი (ტესტით მიღებული სტატუსის შემთხვევაში წერია, როდის ამოიწურება თქვენი სტატუსის ვადა).
ვის დავუკავშირდეთ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში?
ეს ინფორმაცია აუცილებლად დაგჭირდებათ, რადგან ორივე აპლიკაცია ხარვეზებით მუშაობს.
- 144 — მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი;
- 1505 — ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი;
- 1522 — ვაქცინაცის ცხელი ხაზი;
- 0800800909 — სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზი;
- ელექტრონული ფოსტა: appsupport@ita.gov.ge.
Georgia e-Health — მაშინ ეს რაღაში გვჭირდება?
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აპლიკაცია Georgia e-Health გამოიყენება საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში.
+++
გაიხსნა ავეჯის სახლი “ბელმონტე” თუ გსურთ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის თურქული ავეჯი გვეწვიეთ მისამართზე ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 41თ თუ გსურთ იხილოთ ჩვენი პროდუქცია იხილეთ ჩვენი Facebook პოსტი
როგორც უკვე იცით, 17 ნოემბრიდან საქართველო ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს შეურთდა (EU Gateway-ის ქვეყნები), რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ აღნიშნულ ერთიან სივრცეში ჩაერთვება. თუმცა ეს აპლიკაცია საქართველოს ყველა მოქალაქეს არ გამოადგება, რადგან ისინი, ვინც აცრილი არ არიან და მწვანე სტატუსი მხოლოდ და მხოლოდ კოვიდის გადატანის გამო აქვთ, დაბრკოლებებს წააწყდებიან. კერძოდ, ევროკავშირი კოვიდის გადატანიდან 6 თვის შემდეგ მწვანე სტატუსს არ აღიარებს, შესაბამისად, თუ თქვენი გამოჯანმრთელებიდან 6 თვეზე თუნდაც ერთი დღით მეტია გასული და აცრილი არ ხართ, ამ აპლიკაციაში მწვანე სტატუსი არ გექნებათ. სწორედ ამიტომ გვაქვს მეორე — Covidpass Georgia და აუცრელები საკუთარ მწვანე სტატუსს იქ იპოვიან.
Georgia e-Health-ის ჩამოწერა შეგიძლიათ შემდეგი ბმულებიდან: App store-დან, Google Play-დან.
ამ შემთხვევაში სტატუსის მისაღებად უფრო მეტი მონაცემი გჭირდებათ — პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდეთ, რაც მარტივი არ არის, რადგან აპლიკაციას ხარვეზი აქვს. თუ ყველა მონაცემს სწორად შეიყვანთ და მაინც ვერ დარეგისტრირდებით, ცოტა ხნით დაელოდეთ აპლიკაციას და ხელახლა სცადეთ, ან იგივე პროცედურა თავიდან გაიარეთ. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრება, დაუკავშირდით შესაბამის უწყებებს.
წარმატებული რეგისტრაციის შემთხვევაში კი თქვენს გვერდზე გამოჩნდება როგორც ვაქცინაციის კოდი, ასევე ინფორმაცია ბოლო ტესტირებაზე, ან გასულ 6 თვეში კოვიდის გადატანაზე.
როგორც უკვე იცით, ამ აპლიკაციაში თქვენი სტატუსი საერთაშორისოა. შესაბამისად, შეგიძლიათ აიღოთ ის კოვიდპასპორტიც, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს. ამის შესახებ დეტალური ინსტრუქცია ნახეთ აქ.
როგორ მოვიქცე, თუ ელექტრონულ მწვანე პასპორტს ვერ ვიღებ?
თუ აპლიკაციების გადმოწერა არ შეგიძლიათ და ელექტრონულ ვერსიას ვერ იღებთ, შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლს, სადაც ფურცელზე დაბეჭდილ ვერსიას მოგცემენ. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლებში ნებისმიერი სერვისის მისაღებად წინასწარი ჯავშანი საჭირო აღარ არის.
მართლა არ შემიშვებენ დაწესებულებებში ამ სტატუსის გარეშე?
კი.
აღსრულება დამოკიდებულია შენი და ობიექტის კეთილსინდისიერებაზე. თუ ან ერთი ან მეორე დაარღვევთ, ანუ თქვენ პასპორტის გარეშე შეხვალთ, დაწესებულება კი არ მოგთხოვთ და ისე შეგიშვებთ, გარდა იმისა, რომ ვირუსის გავრცელებას შეუწყობთ ხელს, რეგულაციასაც დაარღვევთ და ობიექტს დააჯარიმებენ, რადგან არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. სანქცია იურიდიული პირისთვის 10 000 ლარია, ინდ. მეწარმისთვის — 2 000. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ობიექტი დაილუქება.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო.
კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ — ვის ეკუთვნის მწვანე პასპორტი?
აპლიკაციებში უკვე გავერკვიეთ, ახლა გავიხსენოთ, ვინ და სად გამოიყენებს პასპორტს. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ ყველა მოქალაქისა და ტურისტისთვის. მწვანე პასპორტს მიიღებთ:
- თუ სრულად ხართ ვაქცინირებული;
- თუ ჩატარებული გაქვთ 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ანუ კონკრეტულ დაწესებულებში მისვლამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე გაქვთ გაკეთებული;
- თუ ჩატარებული გაქვთ 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ანუ კონკრეტულ დაწესებულებში მისვლამდე მაქსიმუმ 24 საათით ადრე გაქვთ გაკეთებული;
- თუ გადატანილი გაქვთ კორონავირუსი.
თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ-სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე
და ბოლოს, ყველაზე მთავარი — რომელ დაწესებულებებში ვერ შევალ მწვანე პასპორტის გარეშე?
- კვების ობიექტები;
- რესტორნები;
- კაფეების და ბარების ღია და დახურული სივრცეები;
- კინოთეატრები;
- თეატრები;
- ოპერა;
- მუზეუმები;
- საკონცერტო დარბაზები;
- გასართობი ცენტრები;
- სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები;
- სპა-ცენტრები;
- ფიტნეს-დარბაზები;
- სასტუმროები;
- სამთო კურორტები — საბაგირო გზებზე.
მწვანე პასპირტის შეზღუდვა არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მაღაზიებზე, აფთიაქებსა და სხვა პირველადი საჭიროების დაწესებულებებზე. გარდა ამისა, მწვანე პასპორტი აუცილებელია დაწესებულების მომხმარებლისთვის და არა დასაქმებულისთვის. ასევე, არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირებისთვის
წყარო on.ge
გაიხსნა ავეჯის სახლი “ბელმონტე” თუ გსურთ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის თურქული ავეჯი გვეწვიეთ მისამართზე ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 41თ თუ გსურთ იხილოთ ჩვენი პროდუქცია იხილეთ ჩვენი Facebook პოსტი