ევროპის რიგმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქეს.

საფრანგეთი

2022 წლის 4 თებერვლიდან საფრანგეთში მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში ქვეყანაში თავისუფლად შევიდნენ.

„პირი ვაქცინირებულად ითვლება, თუკი Pfizer, Moderna, AstraZeneca – მეორე დოზიდან გასულია 7 დღე, ხოლო ერთდოზიანი ვაქცინის (Johnson & Johnson) მიღებიდან გასულია 4 კვირა. პირებმა, რომლებიც ვაქცინირებული იყვნენ სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინების ორი დოზით, მიიღეს ასევე Pfizer ან Moderna ერთი დოზა და გასულია 7 დღე.

საფრანგეთში შესასვლელად სავალდებულოა ე.წ. ბუსტერის ქონა, თუ ვაქცინის მეორე დოზიდან გასულია 9 თვეზე მეტი. ბუსტერის გარეშე პირი არ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად და მასზე გავრცელდება ის პირობები, რაც მოცემულია ქვემოთ, არავაქცინირებულებისთვის. ამასთან, საფრანგეთში შესვლის მომენტისთვის ბუსტერ დოზიდან არ უნდა იყოს გასული 9 თვეზე მეტი,“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საბერძნეთი

7 თებერვლიდან თავისუფლად შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები შესვლას საბერძნეთშიც.

იმისათვის, რომ საბერძნეთში შევიდეს ქართული პასპორტის მქონე პირი, უნდა იყოს ვაქცინირებული გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობდეს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ვალიდურად ითვლება, ვაქცინაციის ბოლო დოზის მიღებიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში.

საბერძნეთში შესვლა შეუძლია ასევე მას, ვინც გადაიტანა კორონავირუსი და წარადგენს ამის დამადასტურებელ საბუთს (ვირუსის დადასტურებიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით).

ასევე შესაძლებელია PCR ტესტის ან ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონეთათვის. დოკუმენტი ინგლისურ ენაზე უნდა იყოს გაცემული.

იტალია

საქართველო წითელ ზონაში რჩება იტალიისათვის.

2020 წლის აპრილიდან, როდესაც კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო იტალიამ საზღვრები ჩაკეტა, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ტურისტულად აღარ დაიშვებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „საქართველო იმყოფება E კატეგორიის სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან იტალიაში მიმავალი მგზავრი, დასაბუთებული მიზეზის გარეშე, ვერ შევა იტალიის ტერიტორიაზე“.

დასაბუთებული მიზეზი შეიძლება იყოს სამუშაო, მკურნალობა, სწავლა, გადაუდებელი აუცილებლობა და სამშობლოში ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება (თუ პირი იტალიის მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონეა. მოგზაურობის მიზანი უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით.

წყარო გაზეთი ბათუმელები