საფრანგეთის განვითარების სააგენტომ 300 000 ევროს ოდენობის გრანტი დაამტკიცა საქართველოს მიწის მართვის ახალი სააგენტოს მხარდასაჭერად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
“26 აპრილს, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი, ბ-ნი ლევან დავითაშვილი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბ-ნი დიეგო კოლასი კომპანია შპს „დმანისის მეცხოველეობის“ ფერმას ეწვივნენ. ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) 300 000 ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფის შესახებ გააკეთა განცხადება, ახლადშექმნილი მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მხარდასაჭერად. 2020 წლის დეკემბერში, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ, ფონდ FEXTE-დან (ტექნიკური ექსპერტიზისა და გამოცდილებების გაცვლის ფონდი) დაფინანსებული 300 000 ევროს ოდენობის გრანტი დაამტკიცა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი უწყების, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მხარდასაჭერად. ამ ტექნიკური დახმარების პროგრამის უპირველესი მიზანი უფრო თანამედროვე და ფერმერთა შემოსავლების ზრდის განმაპირობებელი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაა. ტექნიკური დახმარება გაეწევა ასევე მიწის მართვის სააგენტოს ორი ძირითადი კომპონენტის ფარგლებში : მიწების მართვის სექტორის ანალიზი და სააგენტოს ფუნქციონირების მხარდაჭერა,” – განმარტავენ საელჩოში.
ეს ოპერაცია სრულად ჯდება საქართველოში AFD-ს უფლებამოსილებაში, მხარი დაუჭიროს მწვანე და ინკლუზიურ აღმავლობას სოფლის მეურნეობის სექტორში.
“სასოფლო სამეურნეო მიწების მართვა მრავალი გამოწვევის წინაშეა. მაგალითად, დღეისათვის მიწების მხოლოდ 30% არის ოფიციალურად რეგისტრირებული, ნათლად არ არის განსაზღვრული სასოფლო მიწების სისტემების სტატუსი, ხოლო სამეურნეო ტერიტორიები ძალიან დანაწევრებულია. ეს ყველაფერი იწვევს ნაყოფიერების პრობლემებს და შესაბამისად ფერმერების დაბალშემოსავლიანობას, ისევე როგორც სირთულეებს ნიადაგის დაცვის კუთხით”, – აღნიშნავს AFD-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი, ბ-ნი რაფაელ ჟოზანი.
AFD-ს გრანტი დააფინანსებს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის ტექნიკურ პარტნიორებს, სახელდობრ SAFER (ილ დე ფრანსის მიწათმოწყობისა და სასოფლო სამეურნეო საკუთრების კომპანია), IGN FI (კომპანია Geofit და გეოგრაფიის ეროვნული ინსტიტუტი), შორის პარტნიორობას.
“ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და AFD-ს მიერ განხორციელებული FINEXCOOP პროექტის მეშვეობით, ჩვენ, 2018 წლის შემდეგ, ტექნიკური დახმარება გავუწიეთ მცირე ზომის დინამიკურ, ნახევრად-კომერციულ სასოფლო სამეურნეო მრავალ კომპანიას. ჩვენ ახლა ამ თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე გადავდივართ, რომლის ფარგლებშიც AFD 300 000 ევროს გამოყოფს ახლადშექმნილი მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მხარდასაჭერად. ჩვენს თანამშრომლობაში სხვა ეტაპებიც იქნება. AFD და « ევროპის გუნდი » გააგრძელებენ საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი პარტნიორობის განვითარებას სოფლის მეურნეობის დარგში. ასევე, ფრანგი კერძო ინვესტორები დანერგავენ ახალ ტექნოლოგიებსა და სწავლებებს ქართველი თანამშრომლებისთვის, წარმატებული ქართული საწარმოების შექმნის მიზნით, რომლებიც მზად იქნებიან ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტზე გასატანად”, – აღნიშნა მ.ა. ბ-ნმა დიეგო კოლასმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში.
მესაქონლეობის ქართული ბაზარი ფრანგებმა გამოიკვლიეს და ფრანგულ-ქართული ინვესტიციით, დმანისში, სოფელ ზემო ყარაბულახში, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა. ფრანგული მეხორცული ჯიშის, სალერსის, ფერმა აგრო-ინდუსტრიულმა ჯგუფმა GREEN ALLIANCE-მა დააფუძნა. ფერმის მოწყობა ჯამში 10 მილიონი ლარი დაჯდა. სალერსის ჯიშის 130 სული პირუტყვი საფრანგეთის ცენტრალური მასივიდან ჩამოიყვანეს. საერთო ჯამში დაგეგმილია 20 მლნ დოლარზე მეტის ინვესტირება.