ლაგო-მაჯორეს ტბისა და მთის დამაკავშირებელი საბაგიროს ავარიის ერთადერთი გადარჩენილი, 6 წლის ბავშვი ისრაელიდან იტალიაში დააბრუნეს, – ამის შესახებ BBC წერს.

იტალიის პროკურატურამ დაადგინა, რომ ბავშვი დაღუპული დედის მამამ უკანონოდ, მეურვის თანხმობის გარეშე წაიყვანა ისრაელში.

ისრაელის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მცირეწლოვანი იტალიაში უნდა დაბრუნებულიყო.

იტალიის სასამართლოში სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება. ბავშვის ნათესავები – დედის ოჯახი აცხადებს, რომ ყველა კანონიერ გზას მიმართავს ბავშვის ისრაელში დასაბრუნებლად.

ეითან ბირანი, მაისში, იტალიაში, საბაგიროს ავარიას გადაურჩა, თუმცა, შემთხვევის დროს 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ბავშვის ორი ძმა, მშობლები და დიდი ბებია და ბაბუა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ბავშვი მამიდასთან ცხოვრობდა. ქალმა მასზე მეურვეობა ოფიციალურად მიიღო. ბიჭი ბაბუამ – დედის მამამ, კერძო თვითმფრინავით, ისრაელში წაიყვანა. ბავშვს ისრაელის პასპორტი აქვს.

მამის ნათესავების მტკიცებით, ბავშვი გაიტაცეს, დედის ნათესავები კი ამბობენ, რომ ავარიამდე, ბავშვის მშობლები ისრაელში აპირებდნენ საცხოვრებლად გადასვლას.