2022 წელს დაგეგმილია საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-იანი ზრდა – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას და ისაუბრა.
„ერთი მხრივ, ფისკალური რესურსის სიმცირემ და მეორე მხრივ, საკითხის ზედმეტად პოლიტიზირებამ, მიგვიყვანა იქამდე, რომ ბოლო 5-6 წელია საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, შედეგად მივიღეთ შემდეგი სიტუაცია: 2013-2014 წლებში, საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 90%-ზე მეტი იყო. 2014 წლის შემდგომ, კერძო სექტორში საშუალო ხელფასის ზრდამ მნიშვნელოვნად გაუსწრო საჯარო სექტორში ხელფასების ზრდას. შედეგად, 2020 წლის მდგომარეობით საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორის 80%-ზე დაბალია. თუ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საშუალო ხელფასის ზრდის დინამიკას გავაანალიზებთ, მოსალოდნელია, რომ 2021 წლის ბოლოს საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში არსებულ 75 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდეს”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, 2019-2020 წლებში ძირითადად გაიზარდა ჯარის, პოლიციისა და მასწავლებელთა ხელფასები, ხოლო სხვა საჯარო დაწესებულებებში ზრდა თითქმის არ ყოფილა.
„თუ ჯარის, პოლიციისა და მასწავლებლების ხელფასების ზრდის ეფექტს გამოვაკლებთ, 2020 წელს საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორის 71%-ია. ალბათ დამეთანხმებით, რომ მსგავსი პროპორციის პირობებში შეუძლებელი იქნება საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაუარესდება საჯარო მომსახურების სერვისების ხარისხიც. ასევე, შეუძლებელი იქნება მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2022 წელს დაგეგმილია საჯარო მოხელეების ხელფასების 10 პროცენტიანი ზრდა, რაც რა თქმა უნდა, არასაკმარისია, თუმცა ფისკალური კონსოლიდაციიდან გამომდინარე, მომდევნო წელს მეტი რესურსის მოძიება სამწუხაროდ ვერ მოხერხდა”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ავტორი: მირანდა ტყემალაძე