31 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თანამდებობიდან მოხსნა და მის საქართველოდან გაწვევას ხელი მოაწერა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი ელჩის წარუმატებელ მუშაობას უკავშირდება.

ვიდრე ზელენსკი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მიმდინარე წლის 9 თებერვალს, საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა და თქვა, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ ეხმარება ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებას.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს იმ პირთა მიერ გაკეთებული განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, რომელნიც პირდაპირ არ არიან ჩართულნი საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებში. სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით. ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება. თუმცა ახლა, როდესაც პარლამენტსა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ფოკუსირება სხვა, მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე ხდება, ვინაიდან სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო და უკრაინა კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან, ასეთი მოწოდებები დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ დაგვეხმარება. ეს არ დაეხმარება ქართველ ხალხს, მათ ერთიანობას და საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს“,- თქვა მაშინ დოლგოვმა.

იმავე დღეს, საქართველოში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ელჩს დაემუქრა, კორუმპირებული უწოდა და განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გეგმას ბოლომდე მიიყვანს.

„მიმაჩნია, რომ ის ღრმად კორუმპირებულია. მიმაჩნია, რომ ის მოქმედებს უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ და მივაღწევ იმას, რომ ასეთი ელჩები არ ჰყავდეს არც უკრაინას, არც საქართველოს და მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

ჩემი ღრმა რწმენით, ეს ელჩი – მექრთამე და კორუმპირებულია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო უკრაინის ინტერესების დაცვასთან, როგორც ეს კარგად აჩვენა კონკრეტულმა შემთხვევამ ოდესელ მეზღვაურებთან და რომელიც უკვე დიდი ხანია დაკავშირებულია ქართველი ჩინოვნიკების მრავალ ადგილობრივ კორუმპირებულ ინტერესებთან. სამწუხაროდ, ეს არ ეხება მხოლოდ ამ უკრაინის ელჩს, არამედ მსოფლიოში უკრაინის ელჩების საკმაოდ დიდ რაოდენობასთან, რაც პირდაპირ პროპორციულია უკრაინული დიპლომატიის ეფექტურობის დაცემასთან, უკრაინის პოზიციის დისკრედიტაციასა და შესუსტებას საერთაშორისო საზოგადოებაში“,-წერდა სააკაშვილი.

„არ არის გამორიცხული, რომ უკრაინის ელჩი სააკაშვილის გამოც გაათავისუფლეს, გამომდინარე იქედან, რომ სააკაშვილს უკრაინაში კარგად იცნობენ და აფასებენ. სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ, შესაძლოა, უკრაინაში რაღაც-რაღაცების გადამოწმება დაიწყეს“,- ეს განცხადება „პრაიმტაიმთან“ პოლიტიკის ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ გააკეთა.

როგორც ძაბირაძე აცხადებს, ასევე, ზელენსკიმ ელჩი იმიტომ გაუშვა, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ შეუერთდა.

„ზელენსკიმ, შესაძლოა, ჩათვალა, რომ ელჩი არ მუშაობდა ისე, როგორც უნდა ემუშავა. ამასთან, საქართველო არ შეუერთდა რუსეთისთვის იმ სანქციების დაწესებას, რასაც უკრაინა ითხოვდა, მისი გათავისუფლება ამასაც უკავშირდება, თუმცა რამდენად არის ელჩზე დამოკიდებული ამგვარი საკითხების გადაწყვეტა, ეს სხვა საკითხია“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, საქართველოდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა 1-ლ მარტს მიიღო, გუშინ კი დოკუმენტს ხელი ოფიციალურად მოაწერა