უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იტალია დათანხმდა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„იტალია დათანხმდა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გარანტიების ახალი სისტემის შესაბამისად, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, 29 მარტს ის გააგრძელებს მსოფლიო ლიდერებთან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარს.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 28 მარტი მისთვის იყო აქტიური დიპლომატიური დღე, ის ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.
ზელენსკის თქმით, ბორის ჯონსონთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდა, მსოფლიოს უფრო მკაცრ რეაგირებას მხარს უჭერს კანადაც. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას დაეთმო დრო შოლცთან საუბრისასაც.
ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს უკრაინისთვის აღმოჩენილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის და მიაწოდა მას ინფორმაცია იმ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც რუსული ძალები შეიჭრნენ.