“პატიმრები რუსული ბომბებით უნდა გასამართლდნენ?! კიევის ციხესთან ბომბები ცვივა და იქ სხვებთან ერთად 100-მდე ქართველია. აქამდე სიმშვიდეს როგორღაც ვინარჩუნებდით, მაგრამ ახლა, სიტუაცია ყოველდღიურად კი არა, ყოველწუთიერად იძაბება და კიევში, პატიმრები შესაძლოა, ბომბებმა იმსხვერპლონ” – ასე დაიწყო საუბარი კიევის ციხეში მყოფი ქართველის მეუღლემ “პრაიმტაიმთან“.
მისივე თქმით, დღეს, კიევის ციხის მიმდებარედ აფეთქებების ხმა ისმოდა და ბოლო საჰაერო იერიშის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ბომბი იმდენად ახლოს ჩამოვარდა, რომ ციხის ფანჯრებში მინები ჩაიმსხვრა.
“პრაიმტაიმი” გასაგები მიზეზების გამო რესპონდენტის სახელსა და გვარს არ აკონკრეტებს.
“პატიმრები რუსული ბომბებით უნდა გასამართლდნენ?! კიევის ციხესთან ბომბები ცვივა და იქ სხვებთან ერთად 100-მდე ქართველია. აქამდე სიმშვიდეს როგორღაც ვინარჩუნებდით, მაგრამ ახლა, სიტუაცია ყოველდღიურად კი არა, ყოველწუთიერად იძაბება და კიევში, პატიმრები შესაძლოა, ბომბებმა იმსხვერპლონ.
დღეს, ერთ-ერთი უკრაინელი ქალბატონი დაგვიკავშირდა და მან გვითხრა, რომ სასჯელს ჩემს მეუღლესთან ერთად მისი მეუღლეც კიევის ციხეში იხდის. როგორც მან თქვა, კიევის ციხის მიმდებარედ აფეთქებების ხმა ისმოდა და ბოლო საჰაერო იერიშის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ბომბი იმდენად ახლოს ჩამოვარდა, რომ ციხის ფანჯრებში მინები ჩაიმსხვრა.
თურმე, როცა იქ განგაშის ზარები ისმის, პატიმრები უსაფრთხო ადგილებში არ გადაჰყავთ და ელოდებიან, როდის აფეთქდება მათ თავზე ბომბები… ამ ადამიანებს ჩადენილი თუ ჩაუდენელი, დამტკიცებული თუ დაუმტკიცებელი ბრალის გამო თავისუფლება უკვე აღკვეთილი აქვთ, მათთვის არავის მიუსჯია საკანში ჭურვის ლოდინი და ჭურვებით სიკვდილი.
ძალიან ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინაში საქართველოს საელჩოს და ყველა იმ პასუხისმგებელ პირს, ვისაც ამ ადამიანებისა და მათი ოჯახების დახმარება ხელეწიფებათ, მაქსიმალურად სწრაფად უშველონ და ჩვენ, ოჯახებს ისინი ცოცხლები გვანახონ…
ყველა პატიმრის ოჯახი ამბობს, რომ მათი პატიმარი დამნაშავე არ არის, მაგრამ ჩემი ქმარი კიევის ციხეში დაუმტკიცებელი ბრალით უკვე მესამე წელია ზის. ამ 3 წლის განმავლობაში ბრალი ვერ დაუმტკიცდა. აქამდე ხან კორონავირუსის გამო იდებოდა სასამართლო პროცესები, ხან – სხვა მიზეზით.
მოკლედ, ისე მოხდა, რომ ამ დრომდე ადამიანი ტყუილუბრალოდ საკანშია და ჩვენ, ოჯახმა არ ვიცით, როდის დაეცემა ციხეს ჭურვი, როდის აფეთქდება შენობა და რა მოუვა მას. ჩემს მდგომარეობაში არიან სხვებიც, ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მეტი კონკრეტიკისთვის იქ 100-მდე ქართველია.
ახლა, დუმილი დავარღვიე, უკვე მეტისმეტად მოკლე დრო გვაქვს იმისთვის, რომ მათ დასახმარებლად რამე ვიღონოთ. ჩემმა ქმარმა განცხადება უკვე დაწერა, მას რა თქმა უნდა, უკრაინის მხარეს ბრძოლა უნდა, მაგრამ ვინაიდან, საბრძოლო გამოცდილება არ აქვს, საბრძოლველად ველზე არ გაუყვანიათ.
მესმის, რომ ორივე ქვეყანაში სხვა პრობლემებია, მაგრამ ყურადღება ვინმემ აუცილებლად უნდა მოგვაქციოს.” – ამბობს უკრაინაში მყოფი ქართველი პატიმრის მეუღლე.