37 წლის ნაზი გეგეშიძემ თურქეთში 8-წლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში, ბათუმში დაბრუნება გადაწყვიტა. აქ დედა, მამა, ძმა, და და 13 წლის შვილი ელოდნენ. ნაზი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მოზარდი შვილის გვერდით ყოფნაა, რომელსაც, მისი თქმით, დედა ახლა ყველაზე ძალიან სჭირდება.
ნაზი სხვადასხვა ოჯახში მუშაობდა იზმირსა და სტამბოლში მომვლელად, დამლაგებლად.
თურქეთის გარდა მას ბელგიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, სადაც თურქეთის მოქალაქეების ოჯახს გაჰყვა.
ნაზი „ბათუმელებთან“ საუბრობს ემიგრაციის წლებზე, ოჯახებზე, სადაც მუშაობდა და ქართველების შრომაზე უცხოეთში – თავის გასატანად.
- ნაზი გეგეშიძის მონათხრობი
2012 წელს წავედი ემიგრაციაში. ქვეყნიდან წასვლა იმდროინდელმა ყოფამ გადამაწყვეტინა, იქნებ რაღაცნაირად შევშველებოდი ოჯახს, შვილს, ქვეყანასაც კი.
წავედი 2012 წლის ზაფხულში და ახლა, 8 წლის შემდეგ დავბრუნდი.
ჩემი ერთი დღე ემიგრაციაში ასეთი იყო: დილით ოჯახის წევრებს სამსახურში ვაცილებდი, ბავშვებს – სკოლაში. მერე საქმე იწყებოდა.
მევალებოდა სახლის დალაგება-დასუფთავება, რეცხვა, დაუთოება, საპასუხისმგებლო საქმეები, ოჯახს რაც ეხებოდა, ყველაფერი ჩემს ზურგზე იყო.
გადავლახე ბევრი დაბრკოლება. განსაკუთრებით ცუდი დასანახი იყო შორიდან, თუ როგორ უჭირთ საქართველოში.
უცხოეთში ქართველები მუხლჩაუხრელად შრომობენ, ბევრს ჰგონია, რომ გაცვივა თავზე ფული და არაფერი გენაღვლება.
კვირაში ერთი დღე გვქონდა დასვენება – დილიდან საღამომდე. ამ დროს ვცდილობდით ფოტოები ლამაზ ადგილებში გადაგვეღო, მაგრამ მერე შეტყობინებები მომდიოდა. მწერდნენ: რა გეფოტოება, რა გენაღვლება, რაში გადარდებს, გვიჭირს თუ გვილხინს ჩვენო. ასე მწერდნენ შორეული ნაცნობები, შინაურებიც…
არადა, ამით ჩვენს საყვარელ ადამიანებს ვაჩვენებდით, რომ შევძელით და ვცდილობთ, რომ ფეხზე ვიდგეთ. ეს იყო ის ფოტოები, მეტი არაფერი.
ჩემზე უფროს ქალებს ფოტოების ფეისბუქზე დადების ერიდებოდათ, ხალხი რას იტყვისო. რახან შედარებით ახალგაზრდა ვიყავი, მეუბნებოდნენ – მიდი, ნაზი, შენ მაინც გადაიღეო და ასე დამიგროვდა უამრავი ფოტო ტელეფონში.
თურქები გვირჩევდნენ, იმდენი ისტორიული რამეა სტამბოლში, აუცილებლად ნახეთო და ვცდილობდით, მოგვენახულებინა ღირსშესანიშნაობები.
ოჯახებში ძირითადად კარგად გვექცეოდნენ, მხოლოდ ერთი უსიამოვნება მახსოვს.
ერთ ოჯახში სამუშაოს ვიზას მიკეთებდნენ და ხელმოწერა იყო საჭირო. ოჯახის მამაკაცს მანქანით უნდა წავეყვანე. წინ გააღო კარი, მაგრამ მე მაინც უკან დავჯექი, მომერიდა. ამ ბიჭმა მითხრა: შენ ჩვენი და ხარ, მე და არ მყავს და დასავით გიყურებ, ჩვენი ოჯახის წევრი ხარ დაჯექი წინ, ნუ გერიდებაო, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის იმ ოჯახზე.
ცრემლი, ტკივილი, გაძლება და იმედი – ესაა, რაც ემიგრაციაში გდევს თან. იმედი იმის, რომ შვილთან დაბრუნდები. შვილისგან შორს ხარ, მაგრამ რაც მას უნდა გადასცე: სითბო, სიკეთე თუ დედაშვილობა – გადასცემ სხვის შვილებს.
საქართველოში რომ ჩამოვდიოდი, შვილს ხელს ჩავკიდებდი და მარტო დავდიოდით ქუჩებში. ვცდილობდი, ყველაფერი გადამეცა მისთვის, რასაც სიშორით ვაკლებდი.
სამწლინახევრის დავტოვე ჩემი შვილი, საქართველოდან რომ წავედი. დედა რომ სჭირდებოდა, ზუსტად იმ დროს დავტოვე.
დედაჩემიც ჩემსავით ემიგრანტი იყო იმ დროს.
მჯერა, ამ დატოვებული შვილების, ესენი ძალიან მაგარ საქართველოს ხედავენ. მჯერა, რომ დედების ცრემლს და ტკივილს თავს მოუყრიან და საქართველოს გააძლიერებს ეს ყველაფერი.
მთავარ ფოტოზე: ყოფილი ემიგრანტი ნაზი გეგეშიძე მეგობრებთან ერთად, ემიგრაციაში