“შენ ახლა ოთხ კედელში, გისოსებს მიღმა გძინავს ან სულ არ გძინავს, დე. მე კი უცხო ქვეყნის მიწაზე ვარ, სხვის ჭერქვეშ და შენზე ვფიქრობ. დღეს ერთი-ორი ღიმილი თუ დავითვალე, ისიც სკივრში ჩავკეტე უგულოდ და ცრემლებს მივეცი საჩუქრად ჩემი თავი. იცი, დე, შენ ახალი ფეხადგმული იყავი მაშინ, ფეხსაცმელი არ გქონდა და მეზობლის მსხალი ჩამოვკრიფე, ბაზარში გავყიდე და იმით გიყიდე პირველი ფეხსაცმელი. როგორ გიხაროდა, როგორ დარბოდი და მეც, პატარა დედას, სულ რაღაც 17 წლის, სიხარულის ცრემლები მცვიოდა და ბედნიერი ვიყავი. შენი ამხანაგის სახლიდან ჩვენი სახლის ფანჯრები ჩანდა, დე. როგორ სევდიანად მეტყოდი ხოლმე: ჩვენი სახლი როდის გამოჩნდება იქიდან ლამაზად? მალე ყველაფერი გექნება, – გეტყოდი და ჩაგეხუტებოდი. მალე ემიგრანტი გავხდი და შენი ოცნებების ახდენა დავიწყე, შვილო. იმ შენი მეგობრის სახლის ფანჯრებიდან
ლამაზი სახლი გამოგიჩინე და რაც შევძელი, ყველაფერი გაგიკეთე. რომ დაიბადე, იმაზე ვოცნებობდი, შენი ბანკეტი მენახა, როგორ დაამთავრებდი სკოლას და მეც შენ გვერდით ამაყად გავივლიდი, გულში ჩაგიხუტებდი და გეტყოდი: შენ ჩემი შვილი ხარ. ვერ შევძელი ეს ყველაფერი. უჩემოდ დაამთავრე სკოლა. მე შენი ოცნებების ახდენას შევალიე წლები და შენ ჩემს მონატრებაში გაიზარდე… სხვის შვილებს ვუყურებ და თვალით ვამოწმებ, სადამდე მოგწვდები, როგორ გავივლი შენ გვერდით და თუ შემეძლება შუბლზე კოცნა მაშინდელივით. ვიცი, ფეხისწვერებზე დადგომა მომიწევს, მაგრამ ეს რად მიღირს, მარტო მე ვიცი, დე. რამდენი რამე დავკარგე შენი ოცნებების ახდენისათვის და რამდენჯერ მოგენატრებოდა დედა. რა ჯობია, ისიც არ ვიცი, ან ვიცი და უკვე ყველაფერს მივეჩვიე. შენს პატარა ხელებს ვენაცვალე, დე, ხელებს, რომელსაც დედის ჩახუტება ყველაზე მეტად სჭირდება ახლა”.
ირინა იოსებაშვილის ამ წერილს გულგრილად ვერ ავუარე გვერდი… რამდენი ტკივილი და დარდი დაუგროვდათ დედებს, რომლებიც ოჯახიდან შორს ცხოვრობენ და შვილების ჩახუტება ყველასა და ყველაფერზე მეტად სჭირდებათ. ირინა 10 წელზე მეტია, საბერძნეთში ცხოვრობს, წერს არაჩვეულებრივ ლექსებს, ჩანახატებს, ეს არის მისთვის რეალობიდან გაქცევის ერთადერთი გზა. მუშაობს წიგნზეც, რომელშიც ემიგრანტი ქალების ამბები იქნება მოთხრობილი.
ბავშვობა
– ქუთაისში დავიბადე. მეცხრე კლასამდე იქ ვსწავლობდი. ბავშვობა ზუსტად ხუთ წლამდე მქონდა. აი, მერე მეც კი არ ვიცი, ვინ ვიყავი. ძალიან კარგი მამა მყავდა, ოჯახსაც კარგი პირობები ჰქონდა იმისთვის, რომ თავი ბედნიერ ბავშვად მეგრძნო. მერე უცებ ყველაფერი თავდაყირა დადგა. ჩემს ძმას საქანელა ნავი პირდაპირ შუბლში დაეტაკა და მთელი ერთი წელი რეანიმაციაში სიკვდილს ებრძოდა… ამის გამო მამამ სმა დაიწყო და სახლში გაჩერება ჯოჯოხეთს ჰგავდა… ცხრასართულიანი კორპუსის სახურავზე ავდიოდი და იქიდან ვუყურებდი სხვის ბინებში ანთებულ შუქს. ზოგის სახლიდან სიცილი გამოდიოდა, ზოგი ტელევიზორს უყურებდა, მე კი, რვა წლის გოგო, სიკვდილზე ვოცნებობდი… არ მყავდა მეგობრები. ხშირად წამოუძახებიათ, რა გაცინებს, შენი სახლიდან სულ რომ ჩხუბის ხმა გამოდის, გგონია, არ გვესმისო?! ხშირად ისიც კი უთქვამთ, რომ ავადმყოფი ძმის და ვიყავი. ავადმყოფს იმიტომ ეძახდნენ, რომ ოპერაციის შემდეგ ეპილეფსია დაემართა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი ამ ყველაფერს და ბევრჯერ მითქვამს, რომ ის ჩემი ძმა არ იყო. ახლა მრცხვენია, მაგრამ ძალიან გვიანია… ამ პრობლემებს აფხაზეთის ომიც დაემატა, შიმშილი, პურის რიგები. ერთხელ მთელი დღე ვიდექი რიგში, სიმწრით ავიღე პური და გზაში მომავალს ჩემი ძმის თანატოლები წამომეწივნენ. ბავშვებო, ეს ირაკლის დააო? არ ვიცი, რას მერჩოდნენ, ან რა დააშავა ჩემმა საბრალო ძმამ, რომელსაც ცხოვრებაში არ გაუმართლა. ჰოდა, იმ ბავშვებმა ეს ჩემი სიმწრით აღებული პური ტალახიან გუბეში ჩამიგდეს. სახლში კი მელოდებოდა დედა და მშიერი ძმა… რამდენი ასეთი ისტორია იყო… შიში დამჩემდა – მეგონა, ყველა მე დამცინოდა. ამ გადმოსახედიდან ისინი, ყველანი, როგორი უსუსურები არიან… აუარებელ წიგნს ვკითხულობდი, საინტერესოს ვეძებდი, ვთხოულობდი… ალბათ, წიგნები დამეხმარა, რომ თავი გადამერჩინა. ხშირად ვდგებოდი სარკის წინ და ვყვებოდი ჩემს ამბებს. მერე თვალებს ვხუჭავდი და მესმოდა, როგორ უკრავდა ხალხი ტაშს და ამით ბედნიერი ვიყავი…
მახსოვს, ერთხელ, კანონიერ ქურდს რომ ეძახიან, იმან ფული მაჩუქა, ფეხსაცმელი იყიდეო… იყო ქალი, მეზობლები შვილებს რომ არ აკარებდნენ, ქუჩის ქალიაო, მე კი თბილად მხვდებოდა და საჭმლით მიმასპინძლდებოდა… ჩემთვის ისინი ანგელოზებად დარჩნენ. ისე შემძულდა ის ქუჩა და სკოლა, სადაც ვსწავლობდი, რომ ვნატრობდი, ვინმეს იქიდან წავეყვანე. ჰოდა, ბაბუამ ჩამოგვაკითხა და მთხოვა, წავყოლოდი სოფელში, ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში, რომ სკოლა იქ დამემთავრებინა… იქ დამხვდნენ ადამიანები, რომლებმაც თბილად მიმიღეს და პირველად ვიგრძენი თავი ადამიანად. სამწუხაროდ, ბაბუა ლოგინად ჩავარდა და მოსავლელი გახდა. ურთულესი იყო მეათეკლასელი გოგონასთვის მწოლიარეს მოვლა, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვიყავი, ამაზე აღარ ვნერვიულობდი. საშუალოს დამთავრების შემდეგ მალევე დავოჯახდი. მყავს სამი ძალიან კარგი შვილი…
სიკეთის მაგალითი
მეზობელი სოფლიდან ძროხა ვიზიარე, რომ ბავშვებისთვის ყველი და რძე მქონოდა. ძველით ახალ წლამდე სამი კვირა იყო დარჩენილი. ყველის დაგროვება დავიწყე, რომ გამეყიდა და ბავშვებისთვის საახალწლო სუფრა გამეწყო. 12 იანვარი იყო. დილით ადრე ავდექი, ბავშვებსაც ჩავაცვი და ბაზარში ჩემთან ერთად წავიყვანე სამივე. ავტობუსში მხოლოდ უკანა სკამები იყო ცარიელი და მეც იქ დავჯექი ბავშვებთან ერთად. უმცროსი სულ 8 თვის იყო. კალთაში ჩავისვი და ეს ჩემი ნაგროვები ყველის ჩანთა გვერდზე დავიდე. ავტობუსი დაიძრა, მაგრამ ისეთი სიჩქარით ჩაარტყა ორმოში, თავი ვეღარ შევიმაგრეთ და ძირს დავეცით. გონზე რომ მოვედი, დავინახე, როგორ მიყურებდნენ კარში ჩაცვენილი შეშინებული ბავშვები… სანამ ხალხი დამეხმარებოდა, წამოდგომა დავაპირე, მაგრამ მარჯვენა ხელს ვეღარ ვგრძნობდი, ძვლები მთლიანად დაფშვნილი მქონდა. ჩემი ნაგროვები ყველიდან კი მხოლოდ ნაფშხვენებიღა იყო დარჩენილი. ავტობუსის მძღოლმა განმიცხადა, მეჩქარება და უნდა ჩახვიდეო. არც არავის გამოუთქვამს დახმარების სურვილი. სიმწრით მივედი სახლამდე და მეზობლის მანქანით წავედით საავადმყოფოში. პატარა სახლში ვერ დავტოვე, რადგან ბუნებრივ კვებაზე მყავდა. წყალტუბოს გადასახვევთან ყველაზე დიდ საავადმყოფოში მისაღებში დიდხანს მიყურეს. მერე ექთანმა ხელზე დამხედა და ისე, რომ არც არავისთვის უკითხავს, მითხრა, რთული მოტეხილობაა და 1.500 ლარამდე ჯდება ოპერაციაო… 1.500 ლარი კი არა, ერთი ლარი არ მქონდა. მხოლოდ მეზობლის იმედად ვიყავი, რომელმაც მითხრა, 100 ლარით დაგეხმარებიო. ბავშვის ტირილი მთელ საავადმყოფოში ისმოდა. ნეტავ, გენახათ უგულო თეთრხალათიანების თვალები, ირონიით რომ მიყურებდნენ და დახმარების სურვილიც კი არ ჰქონდათ. ვის რად უნდოდა უფულო ადამიანი?!
ჩემ წინ, სადაც ვიჯექი, დიდი ასოებით “საოპერაციო” ეწერა. სიმწრისგან ტირილი ამიტყდა და მთელი გული ამოვაყოლე ჩემს გამწარებულ სიცოცხლეს… საოპერაციოს კარი გაიღო და ექიმი გამოვიდა. აშკარად ეტყობოდა, რომ ოპერაცია დაამთავრა – ღრმად ამოისუნთქა და ოფლი მოიწმინდა შუბლიდან. მისი ყურადღება, ეტყობა, ჩემმა დაბეჩავებულმა სახემ მიიპყრო. ახლოს მოვიდა და მკითხა:
– რა გჭირთ?
– ხელი მომტყდა და უფულობის გამო ხელს არავინ მკიდებს… მხარზე ხელი დამადო და გამომყევიო, მითხრა. ხმაში ბრაზი დაეტყო. მერე ექთანს უთხრა, ექოსკოპია გადაეღოთ ჩემთვის. სკამზე რომ დავჯექი, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა.
– რა გქვია? – მკითხა ექიმმა.
– ირინა! – ამოვილუღლუღე.
– რამდენი წლის ხარ?
– 25-ის.
– და უკვე სამი შვილის დედა ხარ?!
ამ კითხვების დროს ვიგრძენი, როგორ გამიკეთა ნემსი ვენაში… მერე მხოლოდ ის მახსოვს, თვალი რომ გავახილე, ხელზე თაბაშირი მედო. ექთანმა ჩეკი მომაწოდა. 27 ლარი და 50 თეთრი ეწერა. მერე ყურთან ტუჩები მომიტანა და ჩამჩურჩულა: ლევანი ექიმი თბილისიდან სპეციალურად მოიწვიეს ურთულესი ოპერაციის გასაკეთებლად. ღმერთს ჰყვარებიხარ, შვილო, ეს ყველაფერი უფასოდ გაგიკეთა, ამ ჩეკში მხოლოდ ბინტისა და თაბაშირის ფულია გადასახდელიო… მთელი გზა ექიმის სახე მედგა თვალწინ, მისი თბილი, ადამიანური სახე…
იმ წელს არ მქონდა სუფრაზე ბევრი ტკბილეული, მაგრამ მეორე ქალაქში არსებობდა ექიმი, რომელმაც სანიშნედ უდიდესი სიკეთე დამიტოვა…
ემიგრაციაში
უფროსი ბიჭი მაშინ 12 წლის იყო, გოგო – 8 წლის, პატარა ბიჭი კი – 4-ის. ყველაფერს ვაკეთებდი, ყანაც მითოხნია, სხვის ვენახშიც მიმუშავია… ძალიან ცუდი შესახედავი ვიყავი, 45 კილოღა დავრჩი… ჩემი მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ შვილებს ყველაფერი ექნებოდათ. ჰოდა, ერთ პატარა ცელოფანის პარკში ტანსაცმელი ჩავაწყვე და წამოვედი. ჩემს შვილებს კი, უდედოდ დარჩენილებს, ბავშვობაშივე ვატკინე გული. მხოლოდ იმას ვფიქრობდი, კიდევ როდის ვნახავდი ჩემს შვილებს… ჰო, მეც ერთი რიგითი ემიგრანტი გავხდი. უცხო მიწა, უცხო გარემო, მოსამსახურის სტატუსი… ვეღარ ვუძლებდი შვილების მონატრებას. ღამე სულ მათი ხმა მესმოდა: დედა, წყალი მინდა… დედა, დედა!.. რამდენი ოცნება, რამდენი მოლოდინი დავასამარე წელთა სვლაში… ერთ დღეს გადავწყვიტე, საბოლოოდ გამომეტანა თავისთვის განაჩენად სიკვდილი. სარკეში ჩავიხედე, დიდხანს ვუყურე იქიდან მომზირალ ქალს, რომელსაც ძალიან, ძალიან ცივი სახე და არაფრის მთქმელი თვალები ჰქონდა… მერე პირზე წყალი მივისხი და ზიზღით წამოვიძახე: რას აკეთებ, რას?! შენი შვილების ოცნებებს ვინ აასრულებს?! იმ დღიდან ჩემში ქალი გავაღვიძე. თმა დავივარცხნე, მაკიაჟი გავიკეთე… წერა ისევ დავიწყე… გავბედე სოცქსელშიც ამეტვირთა ჩემი ლექსები და ნაწერები. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აზიარებდნენ და მამხნევებდნენ. ვხვდებოდი, როგორ ცოცხლდებოდა ჩემში წლების წინ დამარხული სიცოცხლე… იმდენი შევძელი, სახლიც გავაკეთე, შვილებს ყველა ოცნება ავუსრულე და ახლა მათი სახით ძალიან კარგი ადამიანები მიდგანან გვერდში… ვწერ წიგნს, რომელშიც არაფერი არ არის გამოგონილი… ამ წიგნით მინდა დავანახვო საზოგადოებას, რას ნიშნავს ქალური სიძლიერე. მწერალი არა ვარ, მაგრამ ყველაზე დიდი განათლება ცხოვრებიდან მიღებული გაკვეთილებია.
ავტორი ნინო ჯავახიშვილი
წყარო კვირის პალიტრა