ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო – სესხის გაცემის რეგულაციებში მორიგი ცვლილებებია. როგორ აისახება ეს საკრედიტო პორტფელზე და რა გავლენა ექნება მას საბანკო სექტორზე?
საბანკო სექტორში სიახლეა და რა გასაკვირია, რომ წინამდებარე სტატიაში საბანკო რეგულაციებში განხორციელებულ ცვლილებებზე გიამბობთ.
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სესხის მომსახურების კოეფიციენტების შესახებ ახალი გადაწყვეტილება მიიღო. ამთავითვე ვიტყვი, რომ საბანკო საკრედიტო რესურსების პოტენციური მომხმარებელისთვის კრედიტებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გამკაცრდა…
დავსძენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ კობა გვენეტაძის უწყების მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო. შეგახსენებთ, ქვეყანაში არსებულ ჭარბვალიანობას 2018 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკა დაუპირისპირა, რაც პირველ რიგში, საკრედიტო პირობების გამკაცრებას მოიაზრებს. აქ იგულისხმება სესხების არასაპროცენტო პარამეტრები, კერძოდ, კრედიტის მაქსიმალური ვადები, საკრედიტო მომსახურების კოეფიციენტები ანუ ლიმიტები და ა.შ. ერთი სიტყვით, უკვე მეხუთე წელია კობა გვენეტაძის უწყება საბანკო სექტორისთვის რეგულაციების გაწერისას ერთადერთი და მარტივი პრინციპით ხელმძღვანელობს – ვალი იმან უნდა აიღოს, ვისაც მისი გასტუმრება შეუძლია…
რა შეიცვალა? – ლაკონურად ჩამეძიება მკითხველი და რა გაეწყობა, უნდა განვმარტო… ადრე მოქმედი წესებით იმ მოქალაქეებისათვის, რომელთა შემოსავალიც თვეში 1000 ლარზე ნაკლები იყო, სესხის მომსახურების დაშვებული კოეფიციენტი შემოსავლის 25 პროცენტი ანუ 250 ლარი იყო. 1000 ლარზე მაღალი შემოსავლის მქონე პირთათვის კი სესხზე მომსახურების დაშვებული ყოველთვიური ლიმიტი შემოსავლის 50 პროცენტს ანუ 500 ლარს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილებით, ყოველთვიური შემოსავლის მინიმალური ზღვარი 1500 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა შემოსავალიც 1000-1500 ლარის ფარგლებშია, სესხის მომსახურების ყოველთვიური ლიმიტი გამკაცრდა… სავარაუდოდ, დაინტერესდებით, როგორ გამოიყურება განახლებული რეგულაციები და რა თქმა უნდა, ვეცდები ინტერესი დავაკმაყოფილო. მეტი სიზუსტისათვის ეროვნული ბანკის შესაბამის დოკუმენტს მოვიშველიებ.
მაშ ასე, 1500 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში სესხის მომსახურების მაქსიმალური ლიმიტი 25 პროცენტი ანუ 375 ლარია. 1500 ლარზე მეტი შემოსავლის პირობებში კი სესხის მომსახურების მაქსიმალური ლიმიტი 50 პროცენტს ანუ 750 ლარს შეადგენს. შესაბამისად, თუკი მოქალაქის შემოსავალი 1000-1500 ლარის ფარგლებში მერყეობდა, შეეძლო იმ მოცულობის კრედიტი აეღო, რომლის ყოველთვიური მომსახურების საფასური 500 ლარს შეადგენდა. ახალი წესით კი, ამავე შემოსავლის მქონე პირს შეუძლია აიღოს სესხი, რომლის მომსახურების მაქსიმალური საფასური 250 ლარია. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფისთვის საბანკო სესხებზე ხელმისაწვდომობას ამცირებს, რაც საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ჭარბვალიანობაზე პოზიტიურად აისახება…
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის კიდევ ერთი გადაწყვეტილება იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთებს ეხება. როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში განმარტავენ, იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლად განაკვეთზეა მიბმული, რასაც საპროცენტო რისკი ახლავს. მსოფლიო ბაზარზე ამერიკულ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის გათვალისწინებით ეს რისკი განსაკუთრებით საგულისხმოა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამ რისკების საპასუხოდ, კომერციულმა ბანკებმა ცვლად განაკვეთზე მიბმული კრედიტის გაცემამდე მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასებისას 3 პროცენტული პუნქტის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთის შოკის ალბათობაც უნდა გაითვალისწინონ. გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის 1 მაისიდან შევა.
საინტერესოა, რა გავლენა ექნება კობა გვენეტაძის უწყების მიერ კომერციული ბანკებისთვის დაწესებულ ახალ წესებს, კერძოდ, მოსალოდნელია თუ არა საკრედიტო რესურსის გაძვირება. პასუხს ამ კითხაზე უახლოეს მომავალში მივიღებთ, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სესხების გაძვირება თუ გაიაფება არსებული რეგულაციების გარდა სხვა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, ეროვნული ვალუტის სიმყარესა და საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების დინამიკაზე.
ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარი ბოლოს 21 თებერვალს 0.9 თეთრით გამყარდა და ეროვნული ვალუტის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 2.9769 ლარი შეადგინა… 22 თებერვლიდან მოყოლებული უკვე ათ დღეზე მეტია, რაც ლარი მხოლოდ უფასურდება… დარწმუნებული ვარ, კითხვაზე – რატომ? თავადაც გექნებათ პასუხი… დიახ, რა თქმა უნდა, მიზეზი უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების გამო მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში განვითარებული პროცესებია… რაც შეეხება საზღვარგარეთიდან ფულად გზავნილებს, შეგვიძლია ადვილად ვივარაუდოთ, მისი მოცულობა სულ ცოტა რუსეთიდან და უკრაინიდან მკვეთრად დაიკლებს… შესაბამისად, საბანკო სფეროს ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ლარის გაუფასურებას და სავალუტო ნაკადების შემცირებას შესაძლოა კომერციული ბანკების საკრედიტო პოლიტიკაზე გავლენა ჰქონდეს და სესხები გაძვირდეს… თუმცა საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის. მისივე ვარაუდით, ეროვნული ვალუტის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კობა გვენეტაძის უწყება რეზერვებს გამოიყენებს.
,,გაზაფხულ-ზაფხულიდან ინფლაციის შემცირებას ველოდით. მიმდინარე პროცესების გამო, შეიძლება პირიქით მოხდეს. ეროვნულ ბანკს ინფლაცია რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საშუალებას მისცემდა. თუმცა, მოკლევადიან პერიოდში სავალუტო რყევებია, რის გამოც ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყენება საჭირო გახდება. ამან ლარის სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს. გარკვეულწილად საბანკო სექტორი რისკების დაზღვევას შეეცდება. შეიძლება ამისთვის შიდა ნორმატივი გამკაცრდეს, მაგრამ საპროცენტო განაკვეთებზე მკვეთრად არ აისახება, რა ზომებს მიიღებენ კომერციული ბანკები, დიდწილად დამოკიდებული იქნება ეკონომიკურ მდგომარეობაზეც, მათ შორის, საგარეო ვაჭრობასა და ფულადი ნაკადების მოძრაობაზე. უკრაინაც და რუსეთიც საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან და საბანკო გადარიცხვებში ძალზე დიდი ნაწილი უჭირავთ. შემოსავლები შემცირდება და ცხადია, რომ სესხების ღირებულების კორექტირება მოხდება, მაგრამ მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის…”, – აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
ეროვნული ვალუტის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეზერვების გამოყენებისთვის მზაობას კობა გვენეტაძის უწყებაში ადასტურებენ და დასძენენ, რომ ეროვნულ ბანკს ლარის რყევების შესაჩერებლად საკმარისი რეზერვები გააჩნია. ერთი სიტყვით, როგორ განვითარდება პროცესები, დრო გვიჩვენებს მანამდე კი, ვნახოთ, როგორი სტარტი აიღო კომერციულმა საბანკო სექტორმა მიმდინარე წელს და რა ტენდენცია გამოიკვეთა. პირველ რიგში, სწორედ მთლიანი სესხების ძირითად პარამეტრებს გავეცნოთ…
საკრედიტო პორტფელი
მიმდინარე წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 924,29 მილიონი ლარით, 1,09 პროცენტით შემცირდა და საკრედიტო პორტფელის მოცულობამ თებერვლისათვის 42,16 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 185,18 მილიონი ლარით, 0,87 პროცენტით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი 739,11 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1,29 პროცენტით შემცირდა. თებერვლის დასაწყისში მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49,77 პროცენტი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0,11 პროცენტით მეტია.
საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრში წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0,4 პროცენტით გაიზარდა და თებერვლის დასაწყისისთვის 60,02 მილიარდი ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი კი 7,91 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13,17 პროცენტია.
საბანკო სექტორის ჯამური მოგება. მიმდინარე წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით კომერციული ბანკების მოგება 114,058 მილიონი ლარიდან 86 პროცენტით 212,695 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მთლიანმა შემოსავალმა იანვარში 520,787 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 276,284 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, კომერციულმა ბანკებმა ჯარიმებიდან და საურავებიდან 6,625 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 23,588 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 37,100 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. საბანკო სექტორის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ იანვარში კომერციულმა ბანკებმა აპარატის შენახვაზე 69,904 მილიონი ლარი დახარჯეს.
დღეისათვის სულ ეს იყო. საფინანსო-ეკონომიკური სისტემის სიახლეებით უახლოეს მომავალში დაგიბრუნდებით.
სამსონ ხონელი
წყარო sputnik-georgia