ახალგაზრდა ქართველი ბლოგერები, ნოდარ მითაგვარია და სოსო ნებიერიძე, პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე, უკრაინიდან გადასულ პატარებს, ტკბილეულითა და სათამაშოებით მასპინძლობენ.

აბა, დღეს, რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერების მომნიჭებელი, ვიდრე ომისგან დათრგუნულ-დასტრესილი პატარების – ხილფაფებით, შოკოლადებით, წვენითა და სათამაშოებით გახარებაა.

ბავშვები ხომ, თავიანთი პატარა გულებით, ძალზე ემოციურად აღიქვამენ ყველაფერს. ვერაგმა ომმა ზოგს მეტყველება დააკარგვინა, ზოგს თვალზე ცრემლი არ შეშრობია. კიდევ ვინ იცის, ხანგრძლივ პერსპექტივაში, რა სახით იჩენს ეს სტრესი თავს.

ნოდარი, „ჯადოსნური” ადგილიდან, „პრაიმტაიმის” მკითხველს, თავის ემოციებს გადმოსცემს.

ნოდარ მითაგვარია: – მეხუთე დღეა რაც აქ ვართ. კიდევ რამდენიმე დღე ვაპირებთ აქ დარჩენას და უკრაინელი პატარების გახარებას. არაფერს არ ვუშინდებით, თუ საჭიროება მოითხოვს, კიდევ დავრჩებით.

ხალხის ნაკადი არ წყდება. როცა მატარებელი ჩამოდგება, შეიძლება კილომეტრიანი რიგიც დადგეს. ხალხი 24 საათის განმავლობაში მოდის და მოდის. სხვადასხვა ტრანსპორტით მოდიან. საზღვარზე მობილიზებული ხვდებათ ავტობუსები, რომელსაც ხალხი ვარშავაში გადაჰყავს.

არავინ არ ელოდება, რომ შეიძლება საზღვარზე ასეთი თბილი გარემო დახვდეთ.

სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას, რასაც საზღვარზე ბავშვების სახეების შემხედვარე განვიცდით. პატარების სახეებზე ისეთი ბედნიერება იხატება, ვერ აღვწერ. განუზომელი ემოციებით ვივსებით.

ბავშვს სათამაშო მივეცით და იმდენი კოცნა და ეფერა, რომ ჩვენც ავტირდით. მერე გამოიქცა და ჩაგვეხუტა.

სასწაული ბავშვები არიან. თან უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ერთმანეთზეც ზრუნავენ. მხოლოდ თითო შოკოლადს იღებენ, მეორეს ხელს არ ახლებენ. ორ წვენს და ქინდერს არაფრით არ კიდებენ ხელს. შეიძლება სათამაშო საერთოდ არ აიღონ, რომ იქნებ მათზე პატარას უფრო სჭირდებოდეს.

შორიდან უყურებენ და მოსვლაც ერიდებათ, ვერ წყვეტენ.

ჩვენ უკრაინულად და ინგლისურად გვიწერია, რომ უსასყიდლოდ გავცემთ ყველაფერს. ვთხოვთ რომ აიღონ, ვჩუქნით…

მშობლები ბავშვების საქციელზე და ემოციებზე ცრემლებად იღვრებიან…

ბავშვების გაბრწყინებული თვალები ყველაფრად ღირს, საერთოდ ყველაფრად.

როდესაც გვეკითხებიან, თუ რატომ ვართ ამხელა გზაზე ჩასულები, პასუხად ხვდებათ ჩვენს ზურგზე არსებული წარწერა “I Am From Georgia and my country is occupied by russia“.

ხვდებიან იმას, რომ ჩვენ ვიცით ის, თუ როგორი დიდი ტკივილია მათთვის ეს ყოველივე და ვიცით, როგორი გზა გამოიარეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here