შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელსაც ბრალად თაღლითობა ედება.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული ლ.შ. სოციალური ქსელის “ფეისბუკის” მეშვეობით მოქალაქეებს უკავშირდებოდა და დაბალპროცენტიან კრედიტებს სთავაზობდა. დაინტერესებული პირებისგან კი ბარათისა და პირად მონაცემებს იღებდა, რისი საშუალებითაც მათ საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას ანაღდებდა.
შსს-ს ცნობით თაღლითი ფიქტიური კომპანიის სახელით სარგებლობდა, რაც მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა.
ლ.შ.-მ ზარალი 14 პირს მიაყენა. მითვისებული თანხა 3 930 ლარს შეადგენს.
პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.