მილანის სამხრეთ გარეუბანში ძლიერმა ხანძარმა პრაქტიკულად გაანადგურა 18 სართულიანი შენობა. არსებობს შენობის ჩამონგრევის საფრთხე. ინფორმაციას Corriere della Sera ავრცელებს.

ხანძარი კვირას დაახლოებით 17:45-ზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. სახლში დაახლოებით 70 ოჯახი ცხოვრობდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მე-15 სართულის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. იტალიური მედიის ცნობით, მეზობლად მცხოვრებმა ბიჭმა ცეცხლი შენიშნა და განგაში ატეხა.

სახლის მცხოვრებლებმა ბინების სწრაფად დატოვება დაიწყეს. როდესაც მეხანძრეები მივიდნენ, ხანძარმა უკვე შენობის ფასადი მოიცვა.

გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაკვამლიანების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

სპეციალისტების თქმით, ტემპერატურამ, შესაძლოა, გარე ლითონის ჩარჩოს სიმყარეს საფრთხე შეუქმნას, რის გამო ჩამონგრევის რისკი საკმაოდ დიდია.