მწვანე პასპორტმა“ მნიშვნელოვანი როლი ვაქცინაციის სტიმულირებაში ითამაშა, მაგრამ აღნიშნული საკითხი გადაიხედება, რადგან ეპიდსიტუაცია „ომიკრონის“ გამო იცვლება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
კოვიდ-პასპორტის აღება უვადოდ შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე კოვიდ-გადატანილ პირებს (თუ ვირუსის დადასტურებიდან მინიმუმ 14 დღე გავიდა), ხოლო შეზღუდული ვადით – PCR–ტესტის (72 საათი) ან სწრაფი ტესტის (24 საათი) უარყოფითი პასუხის მქონე პირებს.
„პანდემიის მიმდინარეობა იმდენად დინამიურია, რომ ერთი ინტერვენცია, რომელიც თუნდაც ერთი ან ორი თვის წინ დაინერგა, არ გამოდგება დიდი ხნის მანძილზე. ევროპამაც შეცვალა ამ „მწვანე საშვის“ კრიტერიუმი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ „მწვანე პასპორტის“ აღებით საქართველოში უფრო მეტად ახალგაზრდები არიან დაინტერესებული, ვიდრე ხანდაზმულები.
„ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით და ანალიზი გაკეთდება იმის, რაც აქამდე იყო“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ციფრული კოვიდ-პასპორტის გასააქტიურებლად მომხმარებელმა App Store-დან ან Google Store-დან უნდა გადმოწეროს აპლიკაცია Georgia e-Health, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას შეასრულებს. QR–კოდის მქონე „მწვანე პასპორტის“ მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ფილიალებში.
ევროკავშირის ქვეყნებმა ქართული კოვიდ-პასპორტი 2021 წლის 16 ნოემბრიდან აღიარეს.