ფოთში, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე 4-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. სრულად დაიწვა 2 ბინა, ორი კი ნაწილობრივ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ახლა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე. მისი თქმით, მერიის პროგრამის ფარგლებში,დაზარალებული ოჯახები დროებით ქირით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

„ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, შესასწავლია. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსის სახურავი, ჩვენ შეეცდებით უმოკლეს დროში შევაკეთოთ. დროებით გადახურვის სამუშაოებს დილიდანვე დავიწყებთ. დაზარალებულია ოთხი ოჯახი, რომლებსაც შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დახმარებას გავუწევთ.ჩვენ ასევე გვაქვს პროგრამა და ამ ოჯახების დროებით საცხოვრებელში გადავიყვანთ და ქირით ვუზრუნველყოფთ. ახლა ვარკვევთ ვის სჭირდება ოპერატიული დახმარება“, – განაცხადა მერმა ბექა ვაჭარაძემ.