ერთ თერძს ჯავარსრული ასული ჰყავდა. ჯანინა ერქვა ქალს. ჯანინამ წერაკითხვა მშვენივრად იცოდა. ერთ ჭაბუკს ისე შეუყვარდა ჯანინა, რომ თავგზა დაკარგა და ქალიც შეაწუხა. იმ ჭაბუკს ჯანი ერქვა. აღარ იცოდა ქალმა, როგორ მოეშორებინა თავიდან ვაჟი, გაბეზრდა და ერთხელ ამხანაგებს უთხრა:
— მოდი, მონაზვნად აღვიკვეცოთო.
— წავიდეთ, აღვიკვეცოთო! — დაეთანხმნენ ამხანაგები. ჯანინას ამხანაგებში ზოგი ხელმწიფის ქალი იყო, ზოგი — დიდებულის. ზოგი — რაინდის. თორმეტი ქალი შეიკრიბა და მშობლებს გამოუცხადეს:
— ქალთა მონასტრის დაარსება გვინდაო. მშობლები უარზე დადგნენ, ეხვეწნენ, ემუდარნენ შვილებს, მაგრამ რაკი თავის ნათქვამზე ხელი ვერ ააღებინეს, სამშობლოს კუთხიდან მოშორებით აუშენეს მონასტერი. მეგობრებმა მოიმარაგეს სურსათი და მონასტერში დასახლდნენ. ჯანინა იღუმენიად აირჩიეს. ერთხელ ჯანინაზე შეყვარებულმა ჯანიმ ამხანაგებს ჰკითხა:
— რა ხანია ჯანინასთვის თვალი არ მომიკრავს! ნეტა სად არისო?
— ჩვენ რად გვეკითხებიო?
— როგორც ჩანს, ჩემს მიჯნურს ვერასოდეს ვეღარ ვნახავ. ბერად უნდა შევდგე. არ გინდათ მამათა მონასტერი დავაარსოთო?
დააარსეს მამათა მონასტერი.
მონაზვნებს სურსათი გამოელიათ და ერთ საღამოს უვახშმოდ დარჩნენ. სურსათის მომარაგება იღუმენიას ევალებოდა. გავიდა ჯანინა აივანზე, გაიხედა, სადღაც შორს სინათლე ბჟუტავდა. იქნებ საჭმელი ვიშოვოო, გაიფიქრა და იმ შუქისკენ წავიდა. იარა, იარა და ერთ სახლს მიადგა. შევიდა, მიიარ-მოიარა ოთახები, ძეხორციელი არ ჭაჭანებდა სახლში. ბოლოს სასადილო ოთახში შევიდა. თორმეტი თეფში გემრიელი მაკარონი იდგა მაგიდაზე, თორმეტი კოვზი, თორმეტი ხელსაწმენდი, თორმეტი ჭიქა. აიღო ჯანინამ მაკარონიანი თეფშები, ჩააწყო კალათში, წავიდა თავის მონასტერში, დარეკა ზარი და მონაზვნებს ვახშმით გაუმასპინძლდა. თურმე ის სახლი, საიდანაც ჯანინამ მაკარონი წაიღო მამათა მონასტერი გახლდათ. დაბრუნდნენ ბერები, შევიდნენ სასადილო ოთახში პურის საჭმელად და პირკატა ეცათ. სუფრა მოცარიელებული იყო.
— ვინ მოგვპარა ვახშამი? — წამოიძახა წინამძღვარმა. წინამძღვარი ჯანი იყო.
— ხვალ დავუყარაულდეთ და ქურდი დავიჭიროთო. მეორე საღამოს ერთი ბერი სადარაჯოდ დატოვეს და დაარიგეს:
— იცოდე, ძილი არ მოგერიოს, თვალი არ მოხუჭო. შემოვა თუ არა ქურდი, ერთი დაუსტვინე და იმ წუთს აქ გავჩნდებითო. წავიდნენ თუ არა ბერები, დარაჯს მაშინვე ჩაეძინა. მალე ჯანინაც მოვიდა. აიღო მაკარონიანი თეფშები, ჩააწყო კალათში და მძინარე ბერი დაინახა. აიღო ტაფა, ჩამოფხიკა მური და ბერს ცხვირ-პირზე წაუსვა. მერე თავის მონასტერში წავიდა, დარეკა ზარი და მონაზვნები სიამოვნებით შეექცნენ ვახშამს. ცხვირპირგამურული ბერი რომ დაინახა წინამძღვარმა, წამოიძახა:
— შენი გულისა, რა კარგი დარაჯი დავაყენეთო!
მეორე საღამოს სხვა ბერი დატოვა სადარაჯოდ, მაგრამ იმასაც დაეძინა და
მეორე დილით ცხვირპირგამურულს გაეღვიძა.
ასე გაგრძელდა თერთმეტი ღამე, ვიდრე წინამძღვრის რიგმა არ მოაწია. ჯანიმ თავი მოიმძინარა. როცა ჯანინამ კალათი მაკარონიანი თეფშებით გაავსო
და ჯანისთან მივიდა, რომ ცხვირ-პირი მოეთხუპნა მისთვის, ჯანიმ ხელი სტაცა.
— შესდექ! ძველი ოინები ვეღარ გაგივაო!
— ვაი, — წამოიძახა ჯანინამ. — შემიბრალე, ნუ დამსჯიო!
— კარგი, არ დაგსჯი, მაგრამ შენი თერთმეტი ამხანაგი აქ უნდა მომგვაროო,
— უთხრა ჯანიმ.
— მოვიყვან, მაგრამ ერთი პირობით, თუ არაფერს დაგვიშავებთო.
— სიტყვას გაძლევო!
ჯანინამ წაიღო მაკარონი, გაუმასპინძლდა მონაზვნებს და მერე უთხრა:
— დებო, მამათა მონასტერში უნდა წავიდეთო.
— რას ამბობ? იქ რა გვინდაო?
— ნუ გეშინიათ, წინამძღვარმა სიტყვა მომცა, არაფერს დაგიშავებთო. მივიდნენ მონაზვნები მამათა მონასტერში და ჯანის უთხრეს:
— ერთი ოთახი დაგვითმე, იქ ჩავიკეტებითო.
წინამძღვარმა საწოლ ოთახში შეიყვანა მონაზვნები. იქ ბერების თორმეტი საწოლი იდგა. მონაზვნებმა კარი ჩაკეტეს და დაწვნენ. დაბრუნდნენ ბერები და სუფრა ისევ მოცარიელებული დაუხვდათ.
— ვერც თქვენმა მოწყალებამ გვიშველა, ვახშამი მაინც გამქრალაო, — უთხრეს ბერებმა ჯანის.
— დარდი ნუ გაქვთ, ძმებო, ქურდბაცაცა ხელში მყავსო, — დაამშვიდა ჯანიმ ამხანაგები.
— ნუთუ მართლა დაიჭირეო?
— ქურდიც დავიჭირე და თერთმეტი მონაზონიცო. წინამძღვარმა მონაზვნებს დაუკაკუნა და უთხრა:
— აბა, გაიღვიძეთ და მაკარონი მოგვიხარშეთო.
ჯანინამ უპასუხა:
— ჩემი მონაზვნები მარტო მუსიკის ხმაზე აკეთებენ კერძს, ასე არიან დაჩვეულებიო.
— კეთილი, არც მაგაზე გატკენთ გულს, — თქვეს ბერებმა და ზოგმა ვიოლინო ააწრიპინა, ზოგმა ბუკი ააბღავლა.
მონაზვნებმა კი წამოავლეს ხელი ბერების ლეიბებს და ფანჯრიდან ძირს გადაყარეს, მერე ზეწრები გამოაბეს ფანჯრის რაფას, ჩაცურდნენ ქვევით, დახტნენ ლეიბებზე და მოკურცხლეს. როგორც კი მივიდნენ თავის მონასტერში,
კარი მაგრად ჩაკეტეს. შიმშილით გულმილეული ბერები კი უკრავდნენ და უკრავდნენ.
— ამდენი ხანი ვეღარ მოხარშეს მაკარონი? — ეკითხებოდნენ ერთმანეთს.
ბოლოს, შიმშილით თვალთ რომ დაუბნელდათ, საკრავები გადადეს და მონაზვნებს დაუკაკუნეს. ხმა არავინ გასცა. შეამტვრიეს კარი და სახტად დარჩნენ. საწოლები ცარიელი იყო, აღარც მონაზვნები დახვდათ იქ, აღარც ლეიბები და ზეწრები.
— ერთი უყურე, როგორ გაგვამასხარავეს! კაცები ნუ ვიქნებით, თუ სამაგიერო არ გადავუხადოთო! — დაიქადნეს ბერებმა.
მერე დასხდნენ, შეკრეს დიდი კასრი, ჩასვეს შიგ წინამძღვარი, დაახურეს თავი, წაიღეს კასრი და დედათა მონასტრის შორიახლოს დაიმალნენ, დაბინდებას ელოდნენ. საღამო ხანს ერთი ბერი მივიდა დედათა მონასტერთან და დააკაკუნა. გაიღო ფანჯარა, გამოიხედა მონაზონმა.
— დაო, თუ ღმერთი გწამს, ეს კასრი ერთი ღამე მონასტერში შემინახეო, —
სთხოვა ბერმა მონაზონს.
გულუბრყვილო მონაზონმა ბერს კარი გაუღო და კასრი მონასტერში შეატანინა. ეს რომ იღუმენიამ გაიგო, გაიფიქრა, აქ რაღაც ეშმაკობაა, დავიღუპეთო. ვახშმის დროც დადგა. სატრაპეზოსკენ მიმავალმა ჯანინამ ამხანაგებს უთხრა:
— დებო, თუ ვინიცობაა რამე მოხდეს, ნუ შეგეშინდებათო. ამ დროს ჯანი კასრიდან ამოძვრა და სატრაპეზოს კარზე დააკაკუნა.
— რომელი ხარ?
— კარი გააღეთ! — გაისმა კაცის ხმა.
მონაზვნებმა კარი გააღეს და ჯანი დაინახეს.
— საღამო მშვიდობისა! — მიესალმა ჯანი მონაზვნებს.
— მობრძანდით, ვახშამზე დაგვეწვიეთო, — შეიპატიჟეს მონაზვნებმა.
ჯანი არხეინად მიუჯდა სუფრას, ვახშამსაც შეექცა და მონაზვნებიც საუბრით გაართო. ვიდრე ვახშამს დაამთავრებდნენ, ჯანიმ ჯიბიდან ღვინის ბოთლი ამოიღო და მონაზვნებს უთხრა:
— დებო, თითქო ჭიქა ღვინო დავლიოთო!
მონაზვნებმა დალიეს. მარტო ჯანინამ მოატყუა წინამძღვარი და ღვინო უბეში ჩაისხა. ქალებს მალე ჩაეძინათ, ჯანინამაც თავი მოიმძინარა. წამოდგა ჯანი, გადააბა ერთმანეთს თოკით მონაზვნები, მერე ფანჯარასთან მივიდა, გააღო, რომ ნიშანი მიეცა დამალული ბერებისთვის და მონაზვნები ფანჯრიდან ძირს ჩაესხა. ამ დროს ჯანინა უკანიდან მიეპარა, ჩასჭიდა ორივე ფეხში ხელი ფანჯარაზე გადაწოლილ ჯანის, ასწია და თავდაყირა გადაუშვა ძირს. მერე დები გააღვიძა და უთხრა:
— დებო, აქ აღარ დაგვედგომება. მივწეროთ მშობლებს, წაგვიყვანონ, გვეყოფა მონასტერში ყოფნაო.
ყველა თავ-თავის ოჯახს დაუბრუნდა. ბერებმაც მიატოვეს თავისი მონასტერი. ვერ იქნა, ვერ ამოიღო ჯანიმ გულიდან ჯანინას სიყვარული. თავშეხვეული მივიდა თერძთან და სთხოვა, ქალი მომათხოვეთო. როგორც იყო, ჯანინაც დაითანხმეს, მაგრამ ვიდრე თანხმობას მისცემდა, ჯანინამ შაქრის უშველებელი
დედოფალა გააკეთა.
ქორწილის დროს ჯანინამ ქმარს უთხრა:
— საწოლ ოთახში რომ შემოხვალ, სანთელი ჩააქრე, მონასტერში სიბნელეს
მივეჩვიეო.
ღამე შეიპარა ჯანინა საწოლ ოთახში, შაქრის დედოფალა ლოგინში ჩააწვინა, თვითონ კი საწოლქვეშ დაიმალა. დედოფალას ძაფი ჰქონდა გამობმული, ძაფის ბოლო ჯანინას ეჭირა ხელში და დედოფალას თავსა და ხელებს ამოძრავებინებდა. ოთახში ჯანი შევიდა, ამოღებული ხმალი ეჭირა.
— ჯანინა, შენ ხომ მუდამ დამცინოდი. გახსოვს, როგორ გვპარავდი ვახშამს
მონასტერში? — უთხრა ჯანიმ.
დედოფალამ თავი დაუქნია, მახსოვსო.
— გახსოვს, ფანჯრიდან რომ გადამაგდე და თავი გამიტეხეო?
— მახსოვსო, — თავი დაუქნია დედოფალამ.
— უყურე ამას? განა იუარაო?!
ასწია ჯანიმ ხმალი და შაქრის დედოფალას გულში გაურჭო.
— მოგკალი, ჯანინა. აბა, ვნახოთ, როგორი სისხლი გაქვსო? — თქვა ჯანიმ
და ხმალს ენა აუსვა.
— ჯანინა! სიცოცხლეში ტკბილი იყავი, მკვდარიც ტკბილი ხარ! — თქვა, მიიდო მკერდზე ხმალი და ის იყო გული უნდა გაეგმირა, რომ ჯანინა საწოლქვეშიდან გამოხტა და დაუყვირა:
— თავს ნუ იკლავ, ჯანი, ცოცხალი ვარ!
გადაეხვივნენ ერთმანეთს. იმათზე ბედნიერი ცოლ-ქმარი არც ყოფილა და არც იქნება დედამიწის ზურგზე.
თარგმნა ნინო სამუკაშვილმა
«ნაკადული“ 2006