ფოთში, ქალებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა. როგორც შსს-დან აცხადებენ, 33 წლის ქალმა ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობი, 42 წლის ქალი დაჭრა.

უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.

“სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული თ.გ., ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობს – 1979 წელს დაბადებულ თ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.