ევროკავშირის ფარგლებში მოგზაურობისთვის 9 თვემდე შემცირებული კოვიდსერტიფიკატების მოქმედება დღეიდან დაიწყო.
ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური იტყობინება.
„2021 წლის 21 დეკემბრის კომისიის აქტით დადგენილი ახალი წესების შესაბამისად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ვაქცინაციის სერტიფიკატები პირველადი ვაქცინაციის სერიის დასრულებიდან, 270 დღის (9 თვის) განმავლობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღინიშნება, რომ წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაადგინონ ევროკავშირის შიგნით მოგზაურობის მოწმობის მოქმედების განსხვავებული ვადა.
ამავდროულად, მთავრობებს შეიძლება, ჰქონდეთ სხვადასხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადა მათ ტერიტორიაზე არსებულ ღონისძიებებზე ან ობიექტებზე წვდომისთვის.
სტანდარტული დოკუმენტის მოქმედების ვადები არ ვრცელდება “ბუსტერ” დოზებით აცრილთა სერტიფიკატებზე.