ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტომ Frontex-მა წლის პირველ ნახევარში რეკორდული რაოდენობის ადამიანების დეპორტაცია განახორციელა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.
ევროკავშირის მინისტრთა საბჭოსთვის გამოქვეყნებულ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის პირველ ექვს თვეში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის 8 239 მოქალაქე იქნა დეპორტირებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია და 9%-იანი ზრდაა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
სამოქალაქო თავისუფლებების არასამთავრობო ორგანიზაცია Statewatch აღნიშნავს, რომ დეპორტაციის გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე, სულ უფრო იზრდება საფრთხე, რომ ადამიანებს ომის რეგიონებში დაბრუნება მოუწევთ.
2019 წელს 491 200 ადამიანს დაევალა ევროკავშირის დატოვება, მაგრამ მხოლოდ 29% დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში.
წლის პირველ ნახევარში Frontex-ის მიერ დაბრუნებული ადამიანების 61%-მა წასვლა აირჩია, ხოლო 39% იძულებით დააბრუნეს.