ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა, ყველაფერი არ განვითარდა ისე, როგორც ვგეგმავდი, რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. ეს არ იყო ბიზნეს კლასის ვოიაჟი, არც ის, რასაც მედიაში აღწერენ, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ხმაურიანი დაბრუნება არ უნდოდა.
“იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან ადვილი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ, მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი. ჩამოვედი იმიტომ რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის საქმეზე ფოთის პორტის ორი თანამშრომელი, მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები დააკავეს.
ასევე დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს.