უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვის ფორმატში თბილისსა და ევროპის 6 ქალაქში – ფრანკფურტში, პრაღაში, ბრატისლავაში, ლიონში, პარიზსა და ვილნიუსში – შეკრებილ ხალხს მიმართა, მათ, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად გამოვიდნენ ამ ქალაქების ქუჩებში.

ვოლოდიმირ ზელენსკის გამოჩენას შეკრებილები ოვაციებით შეხვდნენ. მან მადლობა გადაუხადა ხალხს და განაცხადა, რომ სურს თავისი სამწუთიანი გამოსვლის პირველი წუთი დაუთმოს დაღუპული სამხედროების, პოლიციის, მესაზღვრეების და დაზვერვის თანამშრომლების ხსოვნის პატივისცემას.

“მეორე წუთის განმავლობაში მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგო ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების და ბავშვების ხსოვნას”, – თქვა ზელენსკიმ.

„მესამე წუთის განმავლობაში მინდა მოგმართოთ თქვენ – ევროპის ხალხს. ნუ გაჩუმდებით, გამოდით ქუჩაში და მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენს თავისუფლებას, ვინაიდან ეს არის გამარჯვება, გამარჯვება არა მხოლოდ რუსეთის მეომრებზე, თუ ჩვენ გავიმარჯვებთ და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ, ეს იქნება მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების – მონობაზე და თუ დაეცა უკრაინა, დაეცემა მთელი ევროპა. ჩვენ თუ გავიმარჯვებთ, ისევე აყვავებული ვიქნებით, როგორც ევროპა და ევროპა კიდევ უფრო აყვავდება ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, დიდება უკრაინას. ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, ლიონი, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი, ყველა დღეს უკრაინელები ხართ, მადლობა ამისთვის“, – თქვა ზელენსკიმ.

“დიდება უკრაინას”, – ამ მიმართვით დაასრულა ზელენსკიმ მიმართვა, რომელსაც იგივე სიტყვებით უპასუხეს მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებმა.

თბილისში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყოველდღე იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები სხვადასხვა ფორმატში.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here