აფხაზეთიდან დევნილი 27 წლის სალომე სამუშია ომის პირველი დღიდანვე ცდილობს, უკრაინიდან დევნილებს დაეხმაროს. მან და მისმა მეგობრებმა ამ დღეებში 15 ადამიანი შეიფარეს, რომლებიც საქართველოში ტურისტებად იყვნენ ჩამოსულები. უკრაინაში მყოფებისთვისაც სხვადასხვა სახის დახმარებას აგროვებენ და უგზავნიან.
სალომემ სოციალურ ქსელში უმძიმესი სტატუსი დადო უკრაინაში მცხოვრებ ქართველზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომლებსაც დღეს დახმარება სჭირდებათ.
სალომე სამუშია:
– ძალიან აქტიურად ვეხმარები უკრაინელებს სხვადასხვა გზით, მაგრამ ამჯერად უკრაინაში ჩარჩენილ ქართველზე, არჩილ სურმანიძეზე, მის მეუღლესა და შვილებზე გიამბობთ. ეს წყვილი წლებია, უკრაინაში ცხოვრობს.
არჩილი წლების წინ წავიდა საქართველოდან და იქ უკრაინელ გოგონაზე იქორწინა. არჩილი და ოლია მესამე შვილს ელოდებოდნენ, 33 კვირის ორსული იყო ოლია, როცა ომი დაიწყო უკრაინაში, კიევის დაბომბვის გამო, ოლიამ ძალიან დიდი სტრესი მიიღო და ნაადრევი მშობიარობის რისკის ასაცილებლად, ის სამშობიაროში გადაიყვანეს. ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილიც მასთან ერთად იყვნენ.
1 მარტს სამშობიარო დაიბომბა, რის გამოც, მშობიარეების ჩაყვანა სასწრაფოდ მოუწიათ ბუნკერში, სადაც გააჩინა ბავშვი. ნაადრევი მშობიარობა იყო, ასე დაიბადა გიორგი სურმანიძე. ბავშვს განუვითარდა სუნთქვის უკმარისობა და მხოლოდ 2 დღე იცოცხლა, რადგან იქ არასათანადო პირობები იყო და ბავშვს საჭირო დახმარება ვერ გაეწია. სამწუხაროდ, 2 დღის გიორგი სურმანიძე ომს შეეწირა, ცაში გაფრინდა. დედას, ოლიას თრომბი განუვითარდა, ის ახლა სიკვდილს ებრძვის და ცდილობს, რომ მისი ორი მცირეწლოვანი ბიჭი არ დარჩეს დედის გარეშე. ახლა მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ.
მშობლები.ჯი