გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ჩალაუბანთან საპოლიციო გამშვებ პუნქტთან ახლოს მოხდა. ორი ავტომანქანის შეჯახების შედეგად სამი ქალი მძიმედ დაშავდა, ხოლო ერთი ქალი გარდაიცვალა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, საშუალო ასაკის ორი ქალის მდგომარეობა, უკიდურესად მძიმეა.

„ორი პაციენტი უკიდურესად მძიმეა, ჯერ სხვას ვერაფერს გეტყვით, პაციენტებს გადაუდებელი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ“, – განაცხადეს კლინიკაში.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.