წამყვანი იტალიური კომპანიების ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ონლაინშეხვედრა გამართეს, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი იტალიას ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ პარტნიორად ხედავს.
მოწვეულ ფირმებს შორის იყვნენ ენერგეტიკული გიგანტები Eni და Enel, საბურავების მწარმოებელი Pirelli, ასევე ბანკები UniCredit და Intesa Sanpaolo და სადაზღვევო კომპანია Generali.
ღონისძიების ორგანიზატორები Generali და Pirelli იყვნენ.
პუტინმა შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ რუსეთი „იტალიელი მომხმარებლებისთვის ენერგორესურსების სანდო მიმწოდებელია“.
იტალია-რუსეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ვინჩენცო ტრანიმ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში რუსეთსა და იტალიას შორის ვაჭრობაში გარკვეული სირთულეები და გამოწვევები იყო, მაგრამ ორ ერს მათი გადალახვა დიალოგის გზით ყოველთვის შეეძლო.
ევროკავშირმა, რომლის წევრიც იტალია გახლავთ, 2014 წელს რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის საპასუხოდ სანქციები დაუწესა.
იტალიის ეკონომიკას რუსეთთან სავაჭრო დეფიციტი აქვს. 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე, იტალიაში რუსული იმპორტი 14.3 მილიარდ ევროს შეადგენდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება რუსეთში იტალიური ექსპორტის ღირებულებას, რომელიც 7.9 მილიარდ ევროს შეადგენდა.