თბილისის ნაძვის ხე ევროპის ულამაზეს საახალწლო მორთულობებს შორის დასახელდა. ინფორმაციას Europe Best Destinations ავრცელებს.
Europe Best Destinations-ის რეიტინგის მიხედვით, დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ მდგომი საახალწლო ნაძვის ხე ევროპის საახალწლო ნაძვისხეების ტოპ-15-ეულში მე-11 ადგილს იკავებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს დედაქალაქი ტურისტებისათვის ზამთრის სეზონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად სახელდება.
“ეს განსაკუთრებით შესამჩნევია საშობაო პერიოდში, როდესაც განათებული და ზღაპრულად მორთული თბილისი, ჯადოსნური სადღესასწაულო ატმოსფეროთი, მყუდრო განწყობას უქმნის ქალაქის თითოეულ სტუმარს”, – წერს გამოცემა.
ევროპის ულამაზეს ნაძვის ხეებს შორის პირველ ადგილს მალტის კუნძულ გოზოზე მდგომი ხე იკავებს. მეორე და მესამე ადგილები სტრასბურგსა და ლისაბონს შორის განაწილდა.