იურისტი ლევან ალაფიშვილი 112-ის საფასურის დაბრუნებას ითხოვდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელშიც დაწერა.

BMG-ის გადაცემაში იურისტი საუბრობს, როგორც დაიბრუნა მან თანხა და რა პროცედურების გავლა დასჭირდა ამისთვის.

„ამ პროცესს წინ უძღოდა ასევე პრეცედენტული საქმე 2019 წელს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მთავრობას არ ჰქონდა საფასურის დაწესების უფლებამოსილება, რადგან პარლამენტს ამის უფლება მისთვის არ მიუნიჭებია, ამიტომ 2012-2020 წლების მთავრობის დადგენილება ამ ნაწილში ანტიკონსტიტუციურად ცნო. მთავრობა არ იყო უფლებამოსილი აეკრიფა ეს გადასახადი, მოქალაქეები კი ვალდებულნი ვართ მხოლოდ კანონით განსაზღვრული გადასახადი ვიხადოთ, სწორედ ამიტომ გავაგრძელე პრეცედენტის გზა და სამოქალაქო სასამართლოს მივმართე“.

ლევან ალაფიშვილის განმარტებით, მოქალაქეებს ეს თანხა ავტომატურად არ დაუბრუნდებათ და მათ სასამართლოს ინდივიდუალურად უნდა მიმართონ.

„სასამართლო კონკრეტული მოსარჩელეების სარჩელს იხილავს; ასე რომ, გუშინ შეიქმნა კონკრეტული კომპანიის და ფიზიკური პირის მიერ გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების თაობაზე პრეცედენტი, რომლის გაგრძელება შესაძლოა იყოს სხვა მოქალაქეების თუ კომპანიების მიმართვა სასამართლოსადმი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საფასურის დაბრუნების თაობაზე დროის აღნიშნულ პერიოდში“, – განმარტა ალაფიშვილმა.

იურისტის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის წარმოებისას მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წლიურად 112-ში იმ პერიოდში 8 მლნ ლარი შედიოდა. „თუ კი მოქალაქეები ამ გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით მიმართავენ, სახელმწიფოს 50-60 მლნ ლარის თანხა ექნება დასაბრუნებელი“, – აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here