რუსმა სამხედროებმა ხარკოვის დაბომბვა განაახლეს, სროლები ამ წუთებშიც ისმის. მოსახლეობა პანიკაშია, ადგილობრივები თავს მეტროსადგურებს აფარებენ. ჯერჯერობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„კურიერი“ ესაუბრა ხარკოვში მცხოვრებ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც გვიყვება, რომ პერიოდულად ისმის სროლების ხმა.
„ცოტა დაძაბული სიტუაციაა, 5 საათიდან არ გვძინავს, ისმოდა სროლების ხმა შორიდან, ცოტა დაშინებულები ვართ. პანიკა არ არის ხალხში, მოძრაობა ნორმალურია, მაღაზიებში ყველაფერი არის. ერთადერთი – სროლების გვეშინია და არ ვიცით როდის მოგვიწევს სარდაფში ჩასვლა, ან თუ მოგვიწია, ეგეც არ ვიცით…. იმედია, რომ განგაში არ გამოცხადდება და არ მოგვიწევს არსად გასვლა სახლიდან. დაძაბულობა არის ხალხში ცოტათი, მაგრამ მთლად ასე არ არის, რომ ხალხი არ მოძრაობდეს. სკოლები დაიკეტა, ბაღები დაიკეტა“, – ამბობს ხარკოვში მცხოვრები ქართველი.