ომის მე-17 დღე – რუსული არმია ქალაქებზე შეტევას განაგრძობს. მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა მიკოლაევი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებს ქალაქში შეჭრის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ის კრახით დასრულდა.

დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაიჭრა 2 ადამიანი. ჭურვი მოხვდა სასწრაფო დახმარების შენობას, დაზიანდა სასწრაფო დახმარების მანქანები. ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა ოფთალმოლოგიურ ცენტრსაც.

დღეს მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა ოლქის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა. მის თქმით, ოკუპანტები ქაოტურად ისვრიან, შემდგომ კი საცხოვრებელ უბნებსა და ისეთ შენობებში იმალებიან, რომლებსაც უკრაინული არტილერია საპასუხო ცეცხლს აღარ უხსნის.

“ოკუპანტებმა დღეს ქაოტური ცეცხლი გახსნეს საავადმყოფოს და ინტერნატის მისამართით, ჭურვი მოხვდა ქალაქის გათბობით უზრუნველყოფის საქვაბის მილსაც. ისინი ცვლიან ტაქტიკას, გამოდიან, ისვრიან და გარბიან, ჩერდებიან სოფლებში სახლებსა და სკოლებში, შესაბამისად ჩვენ ვერ ვპასუხობთ. წესები აღარ არსებობს, ახლა უფრო უხეშად ვიმუშავებთ მათთან,” – განაცხადა ვიტალი კიმმა.

როგორც “კურიერის” გადამღები ჯგუფი ადგილიდან იუწყება, რუსული საოკუპაციო ჯგუფები ცდილობენ, რომ ქალაქ მიკოლაევზე რომელიმე მხრიდან მოახერხონ გარღვევა, რათა დაიკავონ ქალაქი, თუმცა როგორც ქალაქის დამცველი უკრაინელი სამხედროები ამბობენ, ეს არ იქნება ადვილი რადგან მათ თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებათ წინააღმდეგობა. ამისთვის ქალაქი თითქმის სრულ მზადყოფნაშია. მოქალაქეებმა, გუბერნატორის თხოვნის შესაბამისად, ქალაქის ყველა შემოსასვლელში დააწყვეს რეზინის საბურავები, რათა მათი შემოჭრის შემთხვევაში ცეცხლი წაუკიდონ ამ საბურავებს, შეიქმნას მაქსიმალურად დიდი კვამლი იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის ტექნიკას ქალაქში ორიენტაცია გაუჭირდეს და მათი განადგურება ადვილად შეძლონ.