რა არის საჭირო თურქეთში გადასასვლელად? – ეს კითხვა მოქალაქეებს მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა თურქეთის მთავრობამ ახალი რეგულაციების შესახებ განაცხადა. ახალი წესების მიხედვით, 6 სექტემბრიდან, ანუ დღეიდან თურქეთის მთელ ტერიტორიაზე ვალდებულია მოქალაქე აცრილი იყოს სრულად, ან კორონავირუსით ინფიცირებული უნდა იყოს ბოლო 6 თვის განმავლობაში, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეს, რაც ბოლო 48 საათის განმავლობაშია გაკეთებული.
ამას ნებისმიერი საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს მოგთხოვენ, თუმცა თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ახალი რეგულაცია არ ვრცელდება „საავტომობილო, სატვირთო გადაზიდვების მძღოლებზე, ასევე მეზღვაურებსა და ტურისტებზე“.
თუ ტურისტი არ ხართ და თურქეთში სამუშაოდ მიდიხართ, ამ შემთხვევაში თურქეთში შესასვლელად ისევ დაგჭირდებათ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 48 საათში გაცემული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
ეხება თუ არა ეს შეზღუდვა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც, მაგალითად, თურქეთში ჩაის, ან თხილს კრეფენ და ცნობილია, რომ მათ ტურისტული ვიზა აქვთ? – კითხვით საგარეო საქმეთა სამინისტროს სამი დღის წინ მივმართეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ.
„ბათუმელები“ თურქეთის ერთ-ერთ პროვინციაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა, რომელიც ჩაის პლანტაციაში მუშაობს და მანამდე თხილს კრეფდა. მასაც ამ თემაზე საუბრის დროს ვინაობის გამხელა არ სურს, რადგან „ტურისტული ვიზა“ აქვს.
„ცნობილია, რომ აქ ვინმე ჩაის კრეფს, თუ თხილს, ყველას ტურისტული ვიზა გვაქვს,“ – გვიყვება თურქეთში სეზონურად დასაქმებული კაცი. – „შრომითი ვიზა პრობლემაა, რადგან ამ დროს დამატებითი ვალდებულება აქვს დამსაქმებელს სახელმწიფოსთან, გადასახადი უნდა გადაიხადოს, დაზღვევაც უნდა გაგიკეთოს და ასე შემდეგ, ამიტომაც, ამას არ აკეთებენ. ათასობით ქართველი, რომელიც თაკარა მზეში მუშაობს ჩაიში, ან თხილს კრეფს, ტურისტია. ჩვენი ვალდებულებაა, ყოველ 3 თვეში უკან, საქართველოში დავბრუნდეთ.
მერე ისევ უკან ვბრუნდები ახალი, სეზონური საქმის შესასრულებლად,“ – გვიყვება თურქეთში სეზონურად დასაქმებული.
„ბათუმელების“ რესპონდენტის თქმით, საქართველოს მოქალაქე თურქეთში მხოლოდ მაშინ აიცრება, თუკი მას ბინადრობა აქვს.
„ძირითადად ბინადრობა იმათ აქვთ, ვინც უფრო ხანგრძლივად მუშაობს, მაგალითად, ბავშვები, ან მოხუცების მომვლელები. ასეთი ბევრი აიცრა, როგორც ვიცი. ჩვენ არ ვიცრებით და ვერც მოგვთხოვენ – ტურისტები ვართ,“ – დასძინა თურქეთში სეზონურად დასაქმებულმა, მას ჩაის პლანტაციაში შესვენების დროს გავესაუბრეთ.