იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა მილანში 19 წლის ახალგაზრდა ქალი დააკავეს, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს.

“მილანში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს წარმოშობით კოსოვოელი, იტალიის 19 წლის მოქალაქე დააკავეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც სააგენტო ANSA იტყობინება, დაკავებული ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” უჭერდა მხარს. გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებულის ქმარი იმ ტერორისტის ნათესავია, რომელმაც 2020 წლის ნოემბერში, ვენაში ტერაქტი მოაწყო.