ქობულეთელი მანანა ბოლქვაძე 2018 წელს წავიდა ემიგრაციაში. უკვე ოთხი წელია იტალიაში ცხოვრობს. მანანა ამბობს, რომ ემიგრაციაში მისთვის ყველაზე ძნელი მონატრებაა – ოჯახის წევრების, ქალაქის და მთელი ქვეყნის. წერს გაზეთი ბათუმელები

„ისეთ საქართველოში მინდა დავბრუნდე, სადაც მშიერი ადამიანები არ იქნებიანო“ – გვითხრა მან და ემიგრაციაში ყოფნის საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა.

მოუსმინეთ მანანას, ემიგრანტს იტალიიდან: 

  • „კვირა დღეს ვხვდებით ერთმანეთს ემიგრანტები“ 

შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი დავამთავრე, საბაჟო-საგადასახადო, ბიზნესის მართვის მიმართულება. ვმუშაობდი ბათუმის მერიაში, ვეტერანთა დეპარტამენტში.

გაუქმდა ჩემი სამსახური, შემცირებაში მოვყევი და წამოვედი იტალიაში, ემიგრაციაში.

2018 წლის ივნისში წამოვედი, მალე 4 წელი გახდება, რაც ემიგრაციაში ვარ.

ვარ ძალიან კარგ ოჯახში, ერთად ვცხოვრობთ მე და ერთი ბებო, რომელიც ძალიან მიყვარს. როგორც ოჯახის წევრს, ისე მაფასებენ. ერთი შვილი ჰყავს ამ ქალს, ექიმი, ძალიან კარგი ადამიანია.

კვირაში ორ დღეს ვისვენებ, ხუთშაბათს – ორ საათს და მთელი კვირა დღე.

კვირა დღეს ფლორენციაში მყოფი ქართველები ერთმანეთს ძირითადად ერთ ადგილას  ვხვდებით. ვიკრიბებით, ყავას ვსვამთ, ამბებს ვუზიარებთ ერთმანეთს, წარსულზე ვსაუბრობთ, აწმყოსა და მომავალზე – ვინ რის გაკეთებას ვგეგმავთ.

  • „იტალიის ულამაზეს ქალაქში ვარ, მაგრამ ემიგრაციაში ყოფნა მაინც ძნელია“ 

ვარ იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, ფლორენციაში. საუკეთესო გარემოა, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი არ არის. ემიგრაციაში ყოფნა მაინც რთულია.

რაც არ უნდა კარგად ვიყოთ ემიგრანტები, რა ბედნიერადაც არ უნდა გრძნობდე თავს, არის მონატრება. 

ჩემი ოჯახის წევრები როცა დავტოვე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი განცდა იყო, მაგრამ როცა დედის საფლავზე მივედი და დავემშვიდობე… გადის წლები და ვერ მივდივარ დედაჩემის საფლავზე. ოჯახის ყველა წევრის დატოვება ჩემთვის ტკივილი იყო, მაგრამ მაგრამ ჩემთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია.

საკუთარი ოჯახი არა მყავს. ოჯახში დავტოვე ჩემი და, დისშვილები და ნათესავები.

ჩემს ნათესავებს ჩემი დახმარება არ სჭირდებათ, არც არასდროს უთხოვიათ, ჩემი სურვილია, თუ მათ გავახარებ.

მანანა ბოლქვაძე

  • „ყველაზე ძნელი მონატრებაა“

ჩემთვის ემიგრაციაში ყველაზე ძნელი ის არის, რომ მენატრება ჩემი კუთხე, ჩემი ახლობლები, ყველა კეთილისმსურველი. დიდი ტკივილია, როცა ყველა გენატრება.

ყველაზე ძნელი ის იყო, როცა ემიგრაციაში წამოვედი, რომ ენა არ ვიცოდი. გესაუბრებიან და არ გესმის, მაგრამ ისე თუ ასე, ეს დავძლიე.

ემიგრაციაში პირველ რიგში უკეთ გავიცანი ადამიანები, ვისწავლე ვისთან როგორ უნდა ვიყო, რა გავაკეთო…

საქართველოდან იტალიას სხვაგვარად ვხედავდი, მეგონა უფრო თბილი ადამიანები იქნებოდნენ, კარგი ადამიანები არიან, მაგრამ საკმაოდ ცივი ხალხია, ჩემი აზრით.

  • „არ ვიცი რამდენ ხანს დავრჩები ემიგრაციაში“

ჯერ არ ვიცი რამდენ წელს დავრჩები ემიგრაციაში, ეს არ მაქვს განსაზღვრული.

მაქვს ჩემი გეგმები, მინდა მქონდეს ჩემი საკუთარი ბინა და როცა საქართველოში დავბრუნდები, რაღაც გავაკეთო, რომ ჩემი საარსებო წყარო მქონდეს. მიზანი, რა თქმა უნდა, მაქვს და მის შესასრულებლად დრო მჭირდება.

დრო რომ დავაბრუნო?! ალბათ არ წავიდოდი ემიგრაციაში.

მინდა ისეთ საქართველოში დავბრუნდე, სადაც ყველას ექნება იმის საშუალება, არ იყოს მშიერი