იტალიის მთავრობის თავმჯდომარეს, მარიო დგარისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა 8 მარტს, დილით.
იტალიის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში არსებულ ვითარებას და იტალია-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ენერგეტიკულ სფეროში.
იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო 28 თებერვალს ალჟირსაც ეწვია – ალჟირი ევროპაში თხევადი გაზის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. 5 მარტს იტალიელი დიპლომატი კატარსაც სტუმრობდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, რომ იტალიის მთავრობის ხელმძღვანელი მარიო დრაგი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ესაუბრა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე, ხაზი გაესვა გაზის სამხრეთ დერეფნის და მისი კომპონენტის – ტრანსადრიატიკის მილსადენის მნიშვნელობას.
ითქვა, რომ აზერბაიჯანი იტალიის ნავთობით მომარაგებაში პირველ ადგილს იკავებს, ხოლო გაზით – მესამე ადგილს.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.
წარმოებული ომის გამო, რუსეთს სანქციები დაუწესა დასავლეთის და მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ.
ენერგეტიკულმა გიგანტმა, Shell-მა, განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას და ამ ქვეყანაში დაასრულებს ყოველგვარ ოპერაციებს, რითაც ის შეუერთდა ათეულობით სხვა კომპანიას, რომლებმაც გაწყვიტეს კავშირი მოსკოვთან უკრაინაში მისი შეჭრის გამო.
წყარო რადიო თავისუფლება